რომელი ქვეყნები და რა ვადაში მიანიჭებენ ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაავტომობილო მოძრაობა თბილისში
საავტომობილო მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ უცხო ქვეყანა ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას მიანიჭებს, მძღოლებს ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგაც აღარ მოუწევთ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული მართვის მოწმობებისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭების საკითხზე სამ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, რის შემდეგაც მძღოლი ვალდებულია კონკრეტული ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს. ამისთვის მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ უცხო ქვეყანა ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას მიანიჭებს, მძღოლებს ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა, კვლავ ქართული მართვის მოწმობებით ისარგებლონ და აღარ მოუწევთ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ესპანეთთან, იტალიასთან და უკრაინასთან აწარმოებს.

ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო და უკრაინა მზად არიან, ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ

„სამი ქვეყანა გვაქვს ახლა იდენტიფიცირებული, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, ესენია: ესპანეთი, იტალია და უკრაინა“, — აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ამჟამად სამინისტროში მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს, ერთია მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ სივრცეში, ქუჩაში გადმოტანა და ამისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მარშრუტების იდენტიფიცირება, ხოლო მეორე მიმართულება სწორედ ქართული მართვის მოწმობების უცხოეთში აღიარებაა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მართვის მოწმობის საერთაშორისო მოწმობად აღიარების კუთხით ვადა 2018 წლის სექტემბრამდე აქვს.

„ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ შესული. რეალურად, ასოცირების შეთანხმების მიხედვით დრო გვაქვს 2018 წლის სექტემბრამდე. დროისთვის არ გადაგვიცილებია და ამ დროში აუცილებლად ჩავჯდებით“, – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

იმედა მაკასარაშვილი - Sputnik საქართველო
მაკასარაშვილი: მართვის მოწმობა 80 000 ადამიანს აქვს შესაცვლელი

მანამდე, 6 თებერვალს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და უკრაინაში საქართველოს ელჩს გელა დუმბაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე ისაუბრეს.

2012 წლის 1 აგვისტოდან აღებული ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეუძლიათ. რაც შეეხება 2012 წლის 1 აგვისტომდე აღებულ მართვის მოწმობას, მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებენ. შესაბამისად, საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. როგორც ეროვნულ, ისე სართაშორისო ტიპის მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0