თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5 895 914 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,2%-ით მეტია, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 235 800 შეადგინა, რაც 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელს 19,3%-ით აღემატება.
რვა თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%) განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%, ნიდერლანდები +55%, რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%, ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%, ქუვეითი 44% და ისრაელი +35%.
2018 წლის აგვისტოში კი საქართველოში 1 294 926 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9,8%-ით მეტია. აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737 049 შეადგინა, რაც 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 13,9%-ით მეტია.
გასულ თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15,8%), აზერბაიჯანიდან (+13,3%),სომხეთიდან (5,7%)და თურქეთიდან (24,4%) განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო +30% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +40%.
რაც შეეხება უცხოური ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს, წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 1 361 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 305 მილიონით (+28.9%) მეტია.
რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება >>
2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6,8%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16,6%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6,9% შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს 8,5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.