თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის 57 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
შემთხვევა 25 აგვისტოს მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიძე-სიმამრს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც სიმამრმა სიძეს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.