ბავშვობაში დედისგან ნასწავლი ქარგვა მოგვიანებით გამოადგა. თავისი ხელსაქმე დროთა განმავლობაში უფრო დახვეწა და იტალიაში სამუშაოდ ყოფნის დროს მისი ნამუშევრები ქალაქ ჯოვინაცოში გამოიფინა. მომავალში ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტს აქვს გადაწყვეტილი, რომ მისი ნაქარგები სამზეოზე გამოიტანოს.
– ქალბატონო სოფიკო, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდით?
– კი, სულ ჩამოვედი. აქეთ მირჩევნია. იტალიაში ქალაქ ბარში ვცხოვრობდი და, როგორც ყველა, მეც ოჯახში ვმუშაობდი. იქ საბუთი გაქვს თუ არა გაქვს, ორივე შემთხვევაში რთულია. შრომა კი იმდენად ფიზიკურად არა, რამდენადაც ფსიქოლოგიურადაა ძნელი. უცხოეთში საკუთარი სივრცე არ გაქვს, იმ მოხუცის ცხოვრებით ცხოვრობ, ვისაც უვლი. ასე ცხოვრებას კი პერსპექტივა არ აქვს, რადგან ერთ ადგილზე ხარ გაყინული...
– თუმცა, ვიცი, რომ იტალიაში ერთხელ მაინც მოახერხეთ გამოფენის მოწყობა...
– დიახ, ერთხელ იტალიის ქალაქ ჯოვინაცოში მქონდა გამოფენა, რომელზეც ქართველებიც და იტალიელებიც იყვნენ მოწვეული. ის გამოფენა უზრუნველყვეს ემიგრანტებმა, რომლებიც წლებია უცხოეთში ცხოვრობენ. მათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ფართობი სთხოვეს და ერთი დღით გამოგვიყვეს.
– ასე ადვილია იტალიაში გამოფენის მოწყობა?
– თუ ნაცნობები გყავს, ყველგან ყველაფერი ადვილია, როგორც საქართველოში, იქაც ისეა. გამოფენა ყველას ძალიან მოეწონა. გაიძახოდნენ, რა მაგარი ხარო, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა...
– რა რეჟიმით ცხოვრობდით ემიგრაციაში?
– იტალიაში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს. იქ ასეთ რეჟიმში გიწევს ცხოვრება: სახლს ალაგებ და ეს სახლი შეიძლება მარტო ორი ოთახი იყოს. მერე საჭმელს ამზადებ. ამ საქმეს პირველ საათამდე აგვარებ და მერე თავისუფალი ხარ, შესვენებას გაძლევენ, რომ წახვიდე და დაისვენო. ამ დროს ყველაფერი დაკეტილია. საღამოს პატარა საქმეს აგვარებ და სულ ეგაა. დასვენების დღეს ყველა ბაღში გამოდის და ერთმანეთს ხვდება. ოღონდ ყველაზე რთული ისაა, რომ ჩაკეტილი ხარ და გარეთ გასვლის უფლება არ გაქვს. სამაგიეროდ, იქ რომ ვიყავი, მოდიოდა მუზა, სულ მწყალობდა.
– თანაც, ქარგვისთვის ბევრი დრო გექნებოდათ...
– რაც იქ შევქმენი, ისინი უკვე გამოვგზავნე, მაგრამ 10-12 დღე უნდა, რომ აქამდე ჩამოვიდეს. ჩემ ნამუშევრებს მე ჩამოვასწარი. რა ვიცოდი, ეს საქმე ოდესმე თუ გამომადგებოდა? როცა პატარა ვიყავი დედა მასწავლიდა ქარგვას. ახლა პირდაპირ სუფთა ფურცელზე ვქარგავ ყოველგვარი წინასწარი ნახატის გარეშე. სხვადასხვა ხარისხის ძაფებს ვიყენებ. ასევე ღილებით და პატარ-პატარა თვლებითაც ვაწყობ ნამუშევრებს. ერთი პერიოდი გავჩერდი, ქსოვა უფრო მომწონდა. საქართველოში ახლობელმა შეიძინა ჩემი ორი ნამუშევარი თავისი საოჯახო ბარისთვის და ამას წინათ შემატყობინა, მნახველებს ძალიან მოსწონთო.
– იტალიური თემატიკა თუ გაჩნდა თქვენ ნამუშევრებში?
– კი, იტალიური პეიზაჟებისგანაც შევქმენი ნაქარგები. რომშიც ჩავედი და თუ სადმე რამე სანახავი იყო, ყველაფერი ვნახე. მაქსიმალურად ვცდილობდი ისტორიული ადგილები მენახა.
– ახლა ალბათ ქართული თემატიკა გაჩნდება თქვენ ნამუშევრებში...
– იმედი მაქვს, არ ვაპირებ გავჩერდე. საქართველოში შემოდგომაზე, დაახლოებით ოქტომბერში გამოფენას ვაპირებ. ახმეტის მუნიციპალიტეტი კულტურის სახლში მიწყობს და ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდები...