თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს კონსერვატიული პარტია", რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში შედის, საპრეზიდენტო არჩევნებში მზადაა მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების თარიღი დაასახელა>>>
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" მხარს სწორედ მას დაუჭერს. თავად მმართველ პარტიას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და, როგორც პარტიის წევრებმა ადრე განაცხადეს, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ.
„ფრაქცია „კონსერვატორები", ჩვენი პარტია, რომელიც „ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა, სიამოვნებით დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს. თქვენ იცით, რომ ეს ვერსია ყველაზე განხილვადი და სერიოზულია", — განაცხადა ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „კონსერვატიული პარტია" კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შედიოდა. „კონსერვატორები" პარლამენტში სწორედ „ქართული ოცნების" პარტიული სიით მოხვდნენ.
პრესკონფერენციაზე ძიძიგურმა გაიხსენა, რომ 2007-2008 წლებში ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის თანამებრძოლი იყო, რომელიც აქტიურად იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
„გეტყვით უფრო მეტს — ის პრემიერ-მინისტრობის ჩვენი კანდიდატი იყო იმ ბრძოლაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ იგი მებრძოლი ქალია, რომელიც მწვავე პრობლემების წინაშე არასდროს იხევდა უკან. და, რა თქმა უნდა, ის ღირსეული პრეზიდენტი იქნება", — აღნიშნა ძიძიგურმა.
„ქართული ოცნება" კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ ისაუბრებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიებისა თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ 37 კანდიდატია წარდგენილი, მათგან სამი უკვე დარეგისტრირებულია.
ცესკოში განცხადებების მიღების ბოლო ვადა 8 სექტემბერია.
რაც შეეხება დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს, ცესკომ უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ის წარადგინა. ახლა მათ უნდა შეაგროვონ არანაკლებ 25,9 ათასი ამომრჩეველის ხელმოწერა და საქართველოს პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად ზურაბიშვილის რეგისტრაციისთვის ცესკოს მიმართონ.