თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი საპარლამენტო დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოსთან" კონსულტაციების სავარაუდო თარიღს ასახელებს.
სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს >>
ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობს როგორც დამოუკიდებელ კანდიდატი, მაგრამ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია არჩევნებში მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. თავად მმართველი პარტია არ აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას და აცხადებს, რომ სავარაუდოდ ის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათი მისაღებია, ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები, იმედი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება" მიიღებს მას შემდეგ, როდესაც ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება, პარასკევს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატის შერჩევისას პარტია მისი იმიჯითა და საზოგადოებაში მისი პოპულარობით იხელმძღვანელებს.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისთვის 21-მა ადამიანმა მიმართა. ცესკოში განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება.
ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე: „ქართულ ოცნებას" რამდენიმეკვირიანი პაუზა აქვს აღებული >>
რაც შეეხება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ცესკომ უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ის წარადგინა. ახლა მათ უნდა შეაგროვონ არანაკლებ 25,923 ამომრჩეველის ხელმოწერა და ზურაბიშვილის როგორც საქართველოს პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატის რეგისტრაციისთვის მიმართონ.