თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გორის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ავარია დღეს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტომობილში მსხდომი კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც ავარიის დროს დაშავდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.