თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოსავლის აღების შემდეგ ტერიტორიებზე ცეცხლის დანთების გამო აფრთხილებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გახშირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სახანძრო ბრიგადებს დაგვიანებით იძახებენ, რის გამოც საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.