ხაშურში ტყე იწვის – ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

CC0 / Pixabay / skeeze / ხანძარი ტყეში
ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია 220 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მათ შორის ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი გუშინ, ღამით გაჩნდა და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.

ადგილზე მობილიზებულია 220 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მათ შორის ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები.

როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა განაცხადა, დასახლებული პუნქტებისკენ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„12 სახანძრო მანქანა და 220 მეხანძრე-მაშველი გუშინდელი ღამიდან ამ დრომდე ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. თუმცა ამას ქარი და ურთულესი რელიეფი აფერხებს. ამ დროისათვის დასახლებული პუნქტისკენ გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა ხვადაგიანმა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით („ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ნივთის დაზიანება ან განადგურება“), რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0