თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკში არსებულ გიგანტურ „ეშმაკის ბორბალზე“, შესაძლოა, საათი დამონტაჟდეს, ხოლო ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა „თბილისი", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროექტის "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში მიღებული რამდენიმე შეთავაზება განიხილა.
თბილისის მერიამ თებერვლის დასაწყისში წარმოადგინა პროექტი "შენი იდეა ქალაქის მერს", რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი იდეა ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე შეთავაზებულ იდეებს განიხილავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მეორე ეტაპზე ის გადის კენჭისყრას, გარკვეული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში მესამე ეტაპზე მას უკვე მერი შეისწავლის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურები სწავლობენ იდეის განხორციელების შესაძლებლობას.
კახა კალაძის თქმით, ამ დროისათვის უკვე დაწყებულია მუშაობა რამდენიმე მოწონებული პროექტის განხორციელებაზე.
ერთ-ერთი საინტერესო იდეა, რასაც მერია ამ ეტაპზე განიხილავს, გიგანტურ „ეშმაკის ბორბალზე“ საათის დამონტაჟებაა.
„ამ იდეამ, ისევე, როგორც სხვა იდეებმა, დააგროვა მოწონებების განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც მე დავავალე "თბილსერვისის" ხელმძღვანელს, რომ პროექტთან დაკავშირებით განეხორციელებინათ გამოკითხვა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით რა თანხაა საჭირო. არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც არის დაინტერესებული. ეს ორი კომპანია გახლავთ "ფილიპსი" და "იგუცინი", - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც დედაქალაქის მერია განიხილავს, ფუნიკულიორის ფერდობზე წარწერის „თბილისი" განთავსებაა.
- „ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა „თბილისი" - ქართული და ინგლისური ასოებით. ჩვენი ქალაქის მიმზიდველ ფონზე წარწერა „თბილისი“ იქნება თვალშისაცემი და ტურისტთა ყურადღებას მიიქცევს", – აღნიშნა მერმა.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ჯერ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განიხილება, რადგანაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია წელს ონლაინ-პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში შერჩეულ ყველაზე საინტერესო ორ იდეას განახორციელებს. ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება, მეორე იდეა კი დედაქალაქში სისუფთავის დაცვას ეხება და თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნების, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დამონტაჟებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე ვებ-გვერდზე 196 მიმდინარე, 193 დაბლოკილი, 12 განხილვის პროცესში, ორი კი შეთანხმებული იდეაა განთავსებული.