თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მათ, ვინც თბილისის იერსახეს — ეზოებს, სკვერებს, ქუჩებს, ძეგლებს, შენობების ფასადებს და ა.შ. დაამახინჯებს, მკაცრი სანქციები ელოდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა, ძალაში კი 28 აგვისტოს შევიდა.
„არა მარტო ჯარიმის ოდენობა გაიზარდა, არამედ ჩვენ უფრო მოქნილი გავხდით. ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმის გამოწერის მარტივი საშუალება აქვს. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის ქალაქის იერსახის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ბევრი შემთხვევაა ფასადების დაზიანების. მაგალითად, საარჩევნო პლაკატებს ისეთ ადგილებში აკრავენ, სადაც აკრძალულია. ბევრი მსგავსი საკითხია, რომელთა მოწესრიგებაც აუცილებელია. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძე რეაბილიტირებულ უბნებში ფასადებზე კონდიციონერების დემონტაჟს ითხოვს>>>
კანონის თანახმად, თბილისის იერსახის დამახინჯებად ითვლება შენობებზე თვითნებური წარწერები, ნახატები, სიმბოლოები ფასადებზე, ვიტრინებზე, ბოძებზე, ხეებზე, გზის სავალ ნაწილებსა და ტროტუარებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ასევე ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.
აღნიშნული კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 1 ათასი ლარის ოდენობით. მსგავსი ჯარიმა იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ საუბარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხება. ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში კი ჯარიმა 2 ათასი ლარი იქნება.
ადმინისტრაციულ შენობებსა ან მათ ახლოს წარწერებისა და ნახატების განთავსება 1 ათასი ლარით ისჯება. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 2 ათას ლარს ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.
ამასთან, ჯარიმის გადახდასთან ერთად კანონდამრღვევი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში გამოასწოროს საკუთარი ნამოქმედარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 1 ათასი ლარის ოდენობის ახალი ჯარიმა ელოდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე გაჩნდა განსაკუთრებული სასჯელი თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლისთვის. მაგალითად, შენობის შეღებვა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში იერსახის შეცვლა 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შემოღებულია ჯარიმა თბილისში სავენტილაციო სისტემების, ბანკომატების, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციების თვითნებურ მონტაჟსა და განთავსებაზე. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი − 1 000 ლარით.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოაღნიშნული კონსტრუქციების მონტაჟი ითვალისწინებს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით.
თუ კანონდამრღვევი 20 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს ნამოქმედარს, მას 1,5 ათასი ლარის ფარგლებში ჯარიმის გადახდა მოუწევს.