ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტას მოჭრის

© Administration of the President of Georgia / FBსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის ახალი მონეტა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მიეძღვნა

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომელზეც საქართველო წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა მიუძღვნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის სახელწოდებაა „ქართული წიგნი", მისი დიზაინის ავტორია ირაკლი ფაღავა. მონეტის ერთ მხარეს გამოსახული კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები — Romae MDCXXIX და ႲႴႨႪႨႱႨ  ႹႶႧ, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, „რომში, 1629" და „ტფილისი, 1709"). მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: „საქართველო 2018 Georgia".

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
ივანე მაჭავარიანი: ლარის მერყეობა პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს

ხოლო მეორე მხარეს კი კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "5", რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა "₾" დატანილი, ცენტრში კი — სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი". მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018 („ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018").

მონეტა 1500 ეგზემპლარად უნდა მოიჭრას. მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით. 

მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი პროექტი, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის ახალი მონეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვან და საამაყო მოვლენას მივუძღვენით", — განაცხადა მონეტის პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.  

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0