თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. შაბათს ბათუმში იწყება რიგით მეექვსე მუსიკალური ფესტივალი Batumi Music Fest, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება და ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან მუსიკოსებს და ამომავალ ვარსკვლავებს შეკრებს. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ Batumi Music Fest-ის ღონისძიებების საინფორმაციო პარტნიორი იქნება.
ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ელისო ბოლქვაძე.
„ფესტივალი გაიხსნება 2 სექტემბერს 19:00 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ველოდებით მსმენელებს, მუსიკის მოყვარულებს. წელს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. დიდი სიამაყით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფესტივალი უკვე მეორედ იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც სხვა ფესტივალებისგან გამოგვარჩევს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბოლქვძემ.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ფესტივალის გახსნაზე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და დირიჟორ დავით მუქერიას ხელმძღვანელობით მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე წარდგება. პირველი საღამოს პროგრამაშია ფერენც ლისტის სიმფონიური პოემა „პრელუდიები“ და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ვიოლინოსთვის ორკესტრით (რე მაჟორი).
ფესტივალის პროგრამაშია — ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.