ომის დროს შეკერილი თოჯინები და საკუთარი ხელით გაფერადებული ბავშვობის უფერული წლები

© FB / kiki latariხელნაკეთი სათამაშოები
ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათამაშო ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათამაშოს სწორად შერჩევას. სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ და ეცნობიან გარე სამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს საკუთარ თავს შეიმეცნებენ.

სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი სათამაშოების დეფიციტია. თუმცა თამარ ლატარია ქართველი ბავშვებისთვის სწორედ ეკოლოგიურად სუფთა მასალით ქმნის სათამაშო თოჯინებს. მისი თოჯინები კეთილი, სათნო გამომეტყველებით გამოირჩევიან და ადვილად იპყრობენ პატარა მფლობელების გულებს. „კიკი ლატარის“ ულამაზესი თოჯინები მალევე ხდებიან პატარების განუყრელი მეგობრები.

© photo: courtesy of Tamar Latariaთამარ ლატარია ოჯახთან ერთად
ომის დროს შეკერილი თოჯინები და საკუთარი ხელით გაფერადებული ბავშვობის უფერული წლები - Sputnik საქართველო
თამარ ლატარია ოჯახთან ერთად

— დავიბადე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში. დავამთავრე ამავე სოფლის საჯარო სკოლა, ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. უნივერსტიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლად. 25 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ცხოვრებაში ჩემთის  მთავარია ოჯახი და შემდეგ სხვა ღირებულებები.

– ხელსაქმით როდის დაინტერესდით?

— შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ვარ და ჩემი ინსპირაცია ამ მიმდინარეობის შემქმნელი ჯონ ფინანჯერის შემოქმედება გახდა. ვთვლი, რომ  სასურველია ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება იმ სფეროში, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს. ძველად ყველა ქალს უნდა სცოდნოდა რაიმე ხელსაქმე, მაგრამ დრო შეიცვალა და შეიცვალა სტანდარტებიც. ჩემი აზრით, დოგმა არ არის ყველა ქალმა იცოდეს ხელსაქმე. ამას შენ უნდა გრძნობდე სულით, გულით, გონებით და გქონდეს ამის სურვილი.

– თოჯინების გაკეთება როდს დაიწყეთ და რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება?

— ჩემი ბავშვობის გარკვეულმა ეტაპმა ომის პერიოდში გაიარა. არ გვქონდა თოჯინა, არანაირი სათამაშო. სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა ჩემთვის და ჩემი დისთვის შემექმნა ნაჭრის თოჯინა და ამით ჩვენი ბავშვობის უფერული ეტაპი გამეფერადებინა. ასეც მოხდა. ასე ვთქვათ, ეს დანაკლისი შევივსე. ბავშვობაში არაერთი თოჯინა მქონდა ჩემი ხელით შექმნილი. დასანანია, რომ დღეს შემორჩენილი არც ერთი მათგანი აღარ მაქვს. მერე მქონდა დიდი პაუზა, მაგრამ რაც გაქვს შინაგანად, ის არ იკარგება. წლების შემდეგ ისევ ამომიტივტივდა გონებაში, სულში და გულში ჩემი საყვარელი  საქმე. 2018 წლის დასაწყისიდან თავიდან დავიწყე თოჯინების კერვა და აღარ გავჩერებულვარ.

– როგორები არიან თქვენ მიერ შექმნილი პერსონაჟები?

— ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟები არიან მხიარულები, ფერადები, კეთილები და, რაც მთავარია, დიდი სიყვარულით შექმნილები. მათი მთავარი ღირებულება ის არის, რომ თითოეული მათგანი არის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ქართულ ბაზარზე არც ისე სახარბიელო სიტუაციაა. სათამაშოების უმეტესი ნაწილი გაურკვეველი მასალით არის შექმნილი.

– თქვენი თოჯინების უმეტესობას არ აქვს პირი, რატომ?

—  ეს თოჯინები ყველა სხვადასხვა ხასიათს, იმიჯს და სტილს გამოხატავს. რა თქმა უნდა, ამას განსაზღვრავს ჩაცმულობა და ვარცხნილობა. აი, პირის შემთხვევაში კი, ვფიქრობ, ყველა ერთნაირი იქნებოდა.

– თქვენ შვილს თუ მოსწონს თქვენი თოჯინები?

— დაჩი შვიდი წლისაა და ძალიან უყვარს ხატვა. ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია. მოსწონს ყველაფერი, რასაც ვქმნი. ეს კი უფრო მეტად მმატებს მოტივაციას.  

– როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს სათამაშო ბავშვის განვითარებაში?

— სათამაშო უდავოდ დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ისინი ხომ პატარას მეგობრები არიან, ხშირად ეკონტაქტებიან და დიდ დროს ატარებენ მასთან, ამიტომ სათამაშო სწორად უნდა იყოს შერჩეული. ჩემი აზრით, მშობლებს შეგვიძლია ფერადი და კეთილი სახის სათამაშოებით  მეტი პოზიტივი შევიტანოთ ჩვენი შვილების ცხოვრებაში და აღვზარდოთ ჯანსაღი მომავალი თაობა.

შემიძლია გავიხსენო ერთი პატარა გერმანელი გოგონა, რომელსაც თავისი სურვილით შეუძინეს თოჯინა, ასე ვთქვათ, სიურპრიზი მოუწყვეს. საღამოს დამირეკა ახლობელმა და მომიყვა, თუ როგორი აღფრთოვანებული დაატარებდა ამ თოჯინას მთელი დღე „კიკის“ პატარა მომხმარებელი. ამ ემოციას და ბედნიერებს არაფერი შეედრება.

– თოჯინების გარდა სხვა ნივთებსაც ამზადებთ?

— ვქარგავ, მაგრამ ამ თოჯინების სიყვარულით სხვა საქმისთვის დრო და არც ემოცია აღარ მრჩება, იმდენად მიყვარს და მიზიდავს ეს ჩემი საქმე.

– რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში?

— ვოცნებობ იყოს მეტი სიყვარული და ხალისიანი ფერები მსოფლიოში და მინდა ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ასევე მსურს, რომ ფერადი დედამიწის ირგვლივ ბევრი ვიმოგზაურო.

ყველა ახალი ამბავი
0