თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ექვსი ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი, რუსეთის მოქალაქე რაჟდენ შულაია აშშ-ის ბრუკლინის ციხეში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi გამოცემა CrimeRussia-ზე დაყრდნობით.
სისხლიანი გარჩევა Metropolitan Detention Center-ის ციხეში სამი კვირის წინ მოხდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. „კანონიერ ქურდს“ მხარი ხურციძემ დაუჭირა.
ქართველი მოკრივე ხურციძე აშშ-ში დამნაშავედ ცნეს>>>
მასობრივი ჩხუბის აღკვეთა ციხის ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შედეგად, შულაია და ხურციძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასმედიის ცნობით, უფრო მეტად დაზარალდა ხურციძე, რომელსაც სახის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
ივნისის ბოლოს ნიუ–იორკის სასამართლომ ხურციძე და შულაია რეკეტსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში დამნაშავედ ცნო.
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ გასული წლის ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის მოქალაქე „კანონიერ ქურდ" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად პოლიციამ ასევე დააკავა სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, მაგრამ ის გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. დაკავების წინ, 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.