ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე

გამოწერა
26 აგვისტო მამა გაბრიელის ამ სამყაროში მოვლინების თარიღია.

ის იყო ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. მასზე სიცოცხლეშივე დადიოდა ლეგენდები, თუმცა, საბჭოური იდეოლოგიის გამო სიმართლის თქმას ამ უცნაურ ადამიანზე ვერავინ ბედავდა…

მამა გაბრიელი — დაიბადა თბილისში, თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ეს ქუჩა დღეს მის სახელს ატარებს… წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი — ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 2012 წლის 20 დეკემბერს კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.

მამა გაბრიელზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმ ადამიანის მონათხრობი, რომელიც მას ერისკაცობაში კარგად იცნობდა… ეს გახლავთ ცნობილი ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

© photo: courtesy of Inga Mamuchishviliინგა მამუჩიშვილი ბავშვობაში - სწორედ ამ ასაკში გაიცნო და დაუახლოვდა მამა გაბრიელს
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე - Sputnik საქართველო
ინგა მამუჩიშვილი ბავშვობაში - სწორედ ამ ასაკში გაიცნო და დაუახლოვდა მამა გაბრიელს

,

– ქალბატონო ინგა, თუ შეიძლება გვიამბეთ ამ ადამიანზე, რომელიც დღეს წმინდანადაა შერაცხული…

— საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ მოდის დრო, როცა მსგავსი რამ გულით მოგინდება და ალბათ საჭიროცაა. ის ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი, ყველასგან განსხვავდებოდა. მას შემდეგ მისნაირი აღარც შემხვედრია. ის ნამდვილად იყო სალოსი, თავს უფლებას ვაძლევ და მის შესახებ მოგიყვებით. პატარა რომ ვიყავი, ბევრჯერ ვმჯდარვარ მის კალთაზე. ის ძალიან ხშირად გვსტუმრობდა, მამასთან საუბარი უყვარდა. როდესაც ყოფით თემებზე საუბრობდა, ძალიან ჩვეულებრივი, ზოგჯერ „ჟარგონულიც" კი იყო. თუმცა, როგორც კი რელიგიის თემაზე გადავიდოდა, სახე უფერმკრთალდებოდა, თვალები გამჭვირვალე უხდებოდა, ხმის ტემბრი ეცვლებოდა და სხვა განზომილებაში გადადიოდა. უგანათლებულესი ადამიანი იყო, კომუნისტების დაუძინებელი მტერი და ეს მაშინ, როცა შიშის სინდრომი სუფევდა, ვინ გაბედავდა. აკი ააბრიალა კიდეც ლენინის სურათი მისივე სახელობის მოედანზე და ამის გამო ფსიქიატრიულში მოხვდა, ხოლო შემდეგ ციხეც მოიარა. იქაც გააოცა ყველა თავისი წინასწარმეტყველური თვისებებით: ხვალ მე გამიშვებენო – ასე გამოუცხადებია და ასეც მოხდა. სალოსი იყო, ხალხი ლოთად აღიქვამდა, რადგან ხშირად სპეციალურად იქცეოდა ისე, რომ მთვრალი ჰგონებოდათ.

© photo: courtesy of Inga Mamuchishviliმამა გაბრიელის მიერ აშენებული ეკლესია მის ეზოში
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე - Sputnik საქართველო
მამა გაბრიელის მიერ აშენებული ეკლესია მის ეზოში

– თქვენ ბავშვი იყავით, როცა იგი გაიცანით, როგორ დაგამახსოვრდათ მასთან შეხვედრები?

— მე 6 წლის ვიყავი, როდესაც ის გავიცანი, უამრავი მოგონება მაქვს მეც და ყველას, ვინც მას იცნობდა. ერთი ანაფორა ეცვა, ხშირად მშიერი დადიოდა, ზოგჯერ ძალიან მკაცრი იყო. ბავშვებს სულ თვალებით გვეფერებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა 6-7 წლის ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით. ეს საქმე ჩვენც გვახარებდა. მაშინ რა ვიცოდით, თურმე რამხელა მადლი გადმოედინებოდა ჩვენზე…

© photo: courtesy of Inga Mamuchishviliნახატი, რომელიც მამა გაბრიელმა ხატად აკურთხა
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე - Sputnik საქართველო
ნახატი, რომელიც მამა გაბრიელმა ხატად აკურთხა

მახსოვს, როგორ ვულაგებდით ტაძარს, როგორ ვიპარებოდით სახლიდან – ვითომ მზესუმზირის საყიდლად მივდიოდით და საათობით გვეძებდნენ. ჩვენ კი ამ დროს მამა გაბრიელის ტაძარში ხატებს ვაპრიალებდით და თან მის დიდებულ ხავერდოვან ლოცვას ვისმენდით. რას ვიფიქრებდით მაშინ ღლაპები, ვისთან გვქონდა საქმე… მართლაც დიდი ბედნიერება მხვდა წილად… სახლში ერთი სურათი მაქვს, რელიგიის თემაზე, იტალიური სკოლაა. მახსოვს, ბებიაჩემს პანაშვიდი რომ გადაუხადა, როცა ეს სურათი დაინახა, მუხლებზე დაეცა და ხატად აკურთხა. მაშინ მეათეკლასელი ვიყავი. ასე მითხრა, კომუნისტებმა არ ნახონ, თორემ წაგართმევენო.

© photo: courtesy of Inga Mamuchishviliმამა გაბრიელის მიერ აშენებული ეკლესია მის ეზოში
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე - Sputnik საქართველო
მამა გაბრიელის მიერ აშენებული ეკლესია მის ეზოში

– ბოლოს სად შეხვდით?

— ხშირად ვსტუმრობდი მცხეთაში, დედათა მონასტერში. ბოლოს, როცა ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო ჩავარდა, ზუსტად თქვა, როდის რა მოხდებოდა (ექიმთან მისვლა სასტიკად არ უყვარდა). ძლიერი ტკივილები ჰქონდა და როცა ხვეწნა დავუწყე, რომ ექიმთან გამომყოლოდა, შემომხედა და მითხრა "ზახრუმალა" (ჭაჭას ეძახდა ასე) დავლიოთ თითო ჭიქა და აღარ მეტკინებაო.

© photo: courtesy of Inga Mamuchishviliინგა მამუჩიშვილი
ბავშვები ეზოში არსებულ მის პატარა ტაძარს ვუვლიდით – მოგონებები წმინდანად შერაცხულ ბერზე - Sputnik საქართველო
ინგა მამუჩიშვილი

– თქვენ სახლში მის მიერ შექმნილი და ნაჩუქარი ხატებია…

— მისი დისშვილი მამას უახლოესი მეგობარი იყო, ძია ელდარის შვილიშვილი, პატარა გაბრიელ ურგებაძე ჩემი პაციენტია. ერთხელ, როცა ჩემი დაჩი წავიყვანე მცხეთაში, მან თავისი ხელით შექმნილი ხატი აჩუქა. მისი ნაჩუქარი პატარა ხატები მეც მაქვს. ახლაც ჩემი მშობლების სახლის აივნიდან მისი ხელით აშენებულ პატარა ეკლესიის გუმბათს ვუყურებ და მას საქართველოს გაძლიერებას, მშვიდობას და თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობას შევავედრებ…

 

ყველა ახალი ამბავი
0