დუისის საყდრისთავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
ეკლესია გვიან შუა საუკუნეებშია აშენებული

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ  დუისში მდებარე დუისის საყდრისთავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება უწყების დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

ეკლესიას გააჩნია ძეგლისთვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: არქიტექტურული ფორმა, სარკმელთა და კართა მოყვანილობა, მხატვრობა.

ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას და აშენებულია გვიან შუა საუკუნეებში ჩრდილოეთის და სამხრეთის შემდგომდროინდელი მინაშენებით. 

უმეტესად ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით, რიყისა და შირიმის ქვით. ცენტრალური ეკლესია აზიდული პროპორციებისაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ღერძზე გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდა მხრებითაა გამოყოფილი და სრულება კონქით, რომელიც მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვეშ ქვით ტრაპეზია ამოყვანილი.

ეკლესიის ძველი მოხატულობიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. აბსიდაში იკითხება წმინდანთა სილუეტები.

ასევე შემორჩენილია ცენტრალური ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი კონქით, დასავლეთი კედელი, სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლების მხოლოდ ქვედა წყობა. ინტერიერი ამოვსებულია ნაშალი მასით. 


ყველა ახალი ამბავი
0