თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. მარნეულში „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს“ რიგები ათეულობით წევრმა დატოვა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
„ჩვენ ამ პოლიტიკურ მოძრაობაში იმიტომ გადავედით, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, იყო შიდა არეულობა და ლიდერების მხრიდან ბევრი უყურადღებობა, შეუძლებელი იყო მათთან ერთად მუშაობა. დღეიდან მომავალს ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვხედავთ“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა აქტივისტმა ბაბეკ ისმაილოვმა.
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ახმედ იმამყულიევის განცხადებით, პარტია მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა და ვარაუდობს, რომ ყოფილი თანამებრძოლები მოისყიდეს.
ახალი მხარდამჭერები დღეს მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდნენ, რომელიც მარნეულში ყურბან-ბაირამის მისალოცად ჩავიდა.
ყურბან-ბაირამი მიულოცა დღეს მუსლიმ მოსახლეობას „ევროპულის საქართველოს" ლიდერმაც. დავით ბაქრაძემ პარტიაში განვითარებული პროცესების შეფასებისგან თავი შეიკავა.
„ევროპული საქართველო“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა 2017 წლის მაისში დააფუძნეს. იანვრის დასაწყისში, სააკაშვილთან და თანაპარტიელებთან უთანხმოების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდმა ნაწილმა პარტიის დატოვება გადაწყვიტა. პარტიიდან გასულთა შორის საქართველოს პარლამენტის 20 დეპუტატია, რომლებმაც საპარლამენტო უმცირესობა ჩამოაყალიბეს.