ეს ადამიანი, ვის შესახებაც მინდა გიამბოთ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ახალციხეში ყოფნის დროს, როდესაც მის სახლში უცნაური რეტრო-რობოტები აღმოვაჩინე. ამ რობოტებზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. თავად გამომგონებელი კი ძალიან მოკრძალებული პიროვნებაა და საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ მასთან ინტერვიუს, მასზე ამბის თხრობა ვარჩიე.
ვალოდია სანდოშვილი -უაღრესად მოკრძალებული, განათლებული და წესიერი ადამიანია. წლების განმავლობაში კავშირგაბმულობის სისტემაში ინჟინერი გახლდათ და ამ სფეროს გამოცდილ სპეციალისტად ითვლებოდა. სამსახურში მისვლისთანავე გამოიჩინა ნიჭი და სულ მალე ბევრი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი გახდა. მისი ახალი ტექნოლოგიური იდეები ხშირად ინერგებოდა. თუმცა ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტის წმინდა პროფესიული სახის გამოგონები და კრეატიული იდეები წლის ბოლოს პრემიით აღინიშნებოდა და მის შესახებ, საბჭოთა საქართველოში და მით უფრო, მის ფარგლებს გარეთ ვერავინ იგებდა...
თავისი უცნაური რობოტები ბატონმა ვალოდიამ 1974 წელს გამოიგონა და ააწყო დაშლილი ძრავების, ელექტრო და ტექნიკური საგნების სხვადასხვა ნაწილებისგან. რობოტი მისი შემქმნელის ერთ კონკრეტულ ბრძანებას ასრულებდა.
- ბატონო ვალოდია, რა დავალებას ასრულებდა თქვენი რობოტები?
- იმ დროს პირველი შვილი შემეძინა და გადავწყვიტე, ვიღაც დამხმარე გამეჩინა, რომ ჩემს მეუღლეს ბავშვის დაძინებაში დახმარებოდა. გამახსენდა ქართულ ზღაპრებში რომ ჯადოსნური აკვანია, თავისით რომ ირწევა. ამიტომ ჩემს რობოტებს დავალება ჰქონდა მიცემული და შვილის აკვანს არწევდნენ. ისინი ელექტრო სისტემით იმართებოდნენ და მათი დახმარებით ბავშვი მშვიდად იძინებდა. ჩემი უფროსი შვილი, შეიძლება ითქვას, ამ რობოტის „გაზრდილია“.
ამ გამოგონებით საბჭოური პრესა არასოდეს დაინტერესებულა. ვინ იცის, იქნებ, იმის გამო, რომ რობოტს სულაც, არასაბჭოურ „მოვლენად“ მიიჩნევდნენ?!.. რობოტების გარდა ბატონ ვალოდიას ძველი, პატარა პატეფონი თანამედროვე პრინციპით აქვს გადაკეთებული და მასზე ძველი მელოდიები ისმის... სახლში ხის ნამუშევრებიცაა უხვად, რაც ასევე მისი ხელითაა გაკეთებული. როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, მას ყველაფერი ეხერხება.
დღეს, ახალციხეში, ბატონ ვალოდიას და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, ქალბატონ ეთერ აფრიამშვილს, საოჯახო ტიპის სასტუმრო „ლითლ ჰაუსი“ აქვთ.
აქ ისეთი სიმყუდროვე და სითბოა, რასაც თავად ეს ინტელექტუალური ადამიანები ქმნიან, რომ მათთან სტუმრობა საქართველოში ჩამოსულმა უცხოელებმა, თურმე, ტრადიციად აქციეს. შრომისმოყვარეობა ამ ოჯახის ყველა წევრს გენებში აქვს. მათი შვილიშვილი, შოთა სანდოშვილი ასეთი წინაპრებით ამაყობს. თავად ღვინის ბიზნესითაა დაინტერესებული და მისი მაღაზია „ღვინის სამეფო“ (Wine dom”) ახალციხეში პოპულარობით სარგებლობს...
მოკლედ, რომ არა, ის შეზღუდვები, რაც სოციალისტურ საქართველოში არსებობდა, ვინც იცის, იქნებ, ბატონ ვალოდიას მისი რობოტები და კიდევ სხვა გამოგონებები დროდადრო უფრო დაეხვეწა და დღეს მათ შესახებ უცხოეთშიც სცოდნოდათ...