საოცარი ფერთა გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი და რაც მთავარია სასარგებლო თვისებები — ეს ქალბატონი ლალის მიერ შექმნილი პროდუქციის დამახასიათებელი თვისებებია.
— კომპანია „სოაპია“ ბორჯომშია დაფუძნებული. პროფესიით სხვა სფეროს წარმომადგენელი ვარ და „სოაპიას“ წარმოების გარდა ჩემი პროფესიითაც ვმუშაობ. ვერ ვთმობ ვერც ერთს, ვერც პროფესიას და ვერც „სოაპიას“.
- როგორ ისწავლეთ ხელნაკეთი კოსმეტიკური საშუალებების დამზადება?
— შარშან ზაფხულში ინტერნეტში ვნახე ამერიკული კომპანია „ლაშის“ შესახებ ვიდეო, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ პროდუქციას და იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. მინდოდა საქართველოშიც ყოფილიყო ნატურალური, ქიმიური მინარევების გარეშე დამზადებული აბაზანის პროდუქცია, ხელმისაწვდომი ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. ამიტომ დავიწყე ჯერ საჭირო პროდუქტების მოძიება, ვისწავლე დამზადება და დამზადებული პროდუქტის ახლობლებში დარიგება. ყველა აღფრთოვანებული დარჩა. შედეგები ისეთი საოცარი იყო, რომ ბევრი აღარც გვიფიქრია წარმოების დაწყებაზე და დავაფუძნეთ კიდეც „სოაპია“.
- რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?
— ჯერჯერობით ვაწარმოებთ ექვსი სახის კოსმეტიკურ საპონს, აბაზანის ბურთულებს, ტანის კარაქს და ორი სახის ტუჩის ბალზამს. აუცილებლად ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და ბევრი სიურპრიზის დამატებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
- რთული იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
— რთული ისაა, რომ მასალა საქართველოში ძირითადად იმპორტით შემოდის, ამიტომ ფასები დამოკიდებულია დოლარის კურსზე. კონკურენცია იმპორტიორ კომპანიებს შორის არც ისე დიდია, ამიტომ ფასს რასაც უნდა იმას ადებენ და ხშირად უაზროდ გიძვირებენ პროდუქტის თვითღირებულებას. პრობლემას ვერ დავარქმევდი, მაგრამ სირთულეა ასევე მყიდველთა ნდობის მოპოვება. ბაზარზე ახალი პროდუქტია, ზოგს ეძვირება, ვერ ხვდება პროდუქტის მთავარ ღირსებას და რადგან საპონია, ადარებენ ბაზარზე არსებულ სხვა იაფფასიან, უხარისხო ჰიგიენურ საშუალებებს. მაგრამ როცა ყიდულობენ, აუცილებლად ბრუნდებიან კიდევ ახალის შესაძენად და მეგობრებიც მოჰყავთ. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს პროდუქტს აქებენ, ასე მგონია ჩემ შვილზე საუბრობენ.
- იმედგაცრუება გიგრძნიათ? გიფიქრიათ, რომ საქმანობას შეწყვეტდით?
— იმედგაცრუება არა, უფრო დაღლა, მაგრამ არასდროს მიფიქრია საქმიანობის შეწყვეტა.
- პროდუქცია მთლიანად მცენარეულია?
— დიახ, პროდუქცია მთლიანად მცენარეულია, არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. საპონი მზადდება ქოქოსის ზეთით, კაკაოს და შიის კარაქით, ზეითუნის, მზესუმზირის, ნუშის და აბუსალათინის ზეთებით.
- თუ მომხმარებელი ალერგიულია ამა თუ იმ მცენარის მიმართ, წინასწარ გადიხართ მასთან კონსულტაციას?
— მომხმარებელმა ისედაც იცის პროდუქტის შემადგენლობა, დეტალური ინფორმაცია დატანილია ეტიკეტზე. თუმცა შეძენამდე აუცილებლად გავდივართ კონსულტაციას, განსაკუთრებით ტანის კარაქის შეძენისას, რადგან პირდაპირ ხდება ცოცხალი ზეთის კანზე დატანება.
- სად ამზადებთ პროდუქციას? სპეციალური გარემო გაქვთ გამოყოფილი თუ სახლის პირობებში მუშაობთ?
— თავიდან სახლის პირობებში დავიწყეთ პროდუქციის დამზადება, მაგრამ ახლა მოთხოვნის ზრდასთან ერთად, წარმოების გაზრდაც მოგვიწია და პროდუქცია მზადდება ბორჯომში, შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.
- გარდა ეფექტისა, ქალებს და არამარტო ქალებს იზიდავთ სასიამოვნო სურნელი. რამდენად გამყოლი სუნი აქვს თქვენს მიერ დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს?
— ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო მკვეთრი და ძლიერი არომატი აქვს პროდუქტს, მით მეტი ეთერზეთი და პარფუმი აქვს დამატებული. ჩვენ ვცდილობთ „სოაპიას“ პროდუქცია იყოს მაქსიმალურად ნატურალური და ჯანსაღი, შესაბამისად ან საერთოდ არ ვიყენებთ დამატებით სურნელს, მაგალითად გვირილის და კალენდულის საპნის და ტანის კარაქის შემთხვევაში, ან ვამატებთ მცირე რაოდენობით, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს საპონს ფუნქცია და ღირებულება. ზოგ მომხმარებელს სასარგებლო თვისებებთან ერთად სურნელიც საპნის აუცილებელ ატრიბუტად მიაჩნია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ყველა სახის მომხმარებლის მოთხოვნა.
- სახის მოვლის რაიმე მარტივ რეცეპტს ხომ არ გვასწავლით?
— მგონი ისეთს არაფერს ვიტყვი, რაც სხვამ არ იცის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კანთან ნატურალური პროდუქტი გამოვიყენოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე საპნის შერჩევისას გვმართებს. უნდა შევარჩიოთ ჩვენი კანის შესაბამისი საპონი. გვახსოვდეს, რაც უფრო არომატული და დიდხანს გამძლე საპონია, მით მეტი ქიმიური დანამატი და კონსერვანტი აქვს, რაც საბოლოოდ კანს აშრობს და აზიანებს. ზამთარში და ქარიან ამინდში კანი უფრო შრება და დატენიანება და კვება ჭირდება. ძვირადღირებული მკვებავი კრემების შეძენა კი ყველას არ შეუძლია, ამიტომ შესაძლებელია ღამით, ნატურალური ზეთების გამოყენება. მაგალითად შიის კარაქის, ქოქოსის ან ნუშის ზეთის. მცირე რაოდენობაც საკმარისია. სახლის პირობებში შესაძლებელია სკრაბების გაკეთებაც, რაც საბოლოოდ მკვდარ უჯრედებს მოაშორებს კანიდან და ჯანსაღ იერს დაუბრუნებს. მაგალითად შეგვიძლია სკრაბი გავაკეთოთ, ერთი ჩაის კოვზი შაქრით, თაფლით და ალოეს წვენით. მთავარია თაფლზე არ გვქონდეს ალერგია, სხვა შემთხვევაში შედეგი იდეალურია.