თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა" ევროპული კინოაკადემიის 2018 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელეს, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ევროპულმა კინოაკადემიამ წელს 49 რჩეული ფილმი დაასახელა, რომელთა შორის, ქართველი დებიუტანტი რეჟისორის ნამუშევრის გარდა, არის ფონ ტრიერის, პავლიკოვსკის, ჩეილანის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმები.
უფრო ადრე ქართველი რეჟისორის ურუშაძის „საშიში დედა" FIPRESCI-ს — კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა. ფილმი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. ის რჩეულ ფილმთა ჩამონათვალში ჟან-ლუკ გოდარის, პაველ პავლიკოვსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად მოხვდა.
ასევე, ანა ურუშაძე 2018 წლის ივნისის დასაწყისში ევროპის საუკეთესო რეჟისორი ქალების ათეულში შეიყვანეს.
„ანა ურუშაძე ევროპის გამოჩენილ ქალ-რეჟისორთა ათეულში მოხვდა">>
დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს.