ბაღდათში ზედამხედველობის თანამშრომლებს თხმელას გამო გაუსწორდნენ

© FB/ Department of Environmental Supervisionუკანონოდ მოჭრილი ხის მორი
უკანონოდ მოჭრილი ხის მორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ზომად 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის აღკვეთის მცდელობის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებიც აღნიშნულ რაიონში მუშაობენ, აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ადამიანს თხმელას ოთხი მორი გადაჰქონდათ. მათ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა ბოროტმოქმედები ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მოძრაობა განაგრძეს.

ტყის მცველი თუ მტერი — მოჭრილია 3,26 ათასი ძირი ხე >>

სამართალდამცველები მათ დაედევნნენ და საბოლოო ჯამში, შეძლეს ბოროტმოქმედების მანქანის გაჩერება. ამის შემდეგ აღნიშნული მანქანიდან გადმოვიდა 32 წლის მამაკაცი, ფიზიკურად გაუსწორდა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

ინციდენტის ადგილას გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული დააკავეს. სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ზომად 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო
სტიქია სვანეთში: ეპიცენტრმა ჭუბერიდან ბეჩოში გადაინაცვლა

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გულისხმობს და ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხე-ტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ხე-ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ დღეში 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.

ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.

დაძაბულობა ჭუბერში — მოსახლეობა პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა >>

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის აღსაკვეთად ჩატარებულმა მასშტაბურმა ოპერაციამ სვანეთში ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ტყე — მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, შემდეგ კი სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო.

აღშფოთებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა მესტია-ზუგდიდის გზა, რამაც გამოიწვია ტურისტების უკმაყოფილება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ კონფლიქტის გადაჭრას. სიტუაცია შუაღამემდე დაძაბული იყო. სვანეთში სუბარის ჩასვლის და მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა.

სვანეთის მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. მხარეები ცდილობენ იპოვონ ოპტიმალური გზები ერთის მხრივ უმუშევრობის, ხოლო მეორეს მხრივ — ეკოლოგიის პრობლემების გადასაჭრელად.


ყველა ახალი ამბავი
0