თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა გუშინ ქვემო ქართლში, სიონის ტყის ყოფილი მცველი სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტყის დაცვა, პირნათლად ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.
მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სამოქმედო ტერიტორიაზე 3,26 ათასი ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ბრალდებული 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის ნომერ მეორე სამცველოს ტყის მცველად. იგი მოხელესთან გათანაბრებული პირი იყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, („სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“), რაც ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ დღეში 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.
ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის აღსაკვეთად ჩატარებულმა მასშტაბურმა ოპერაციამ სვანეთში ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ტყე — მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, შემდეგ კი სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო.
აღშფოთებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა მესტია-ზუგდიდის გზა, რამაც გამოიწვია ტურისტების უკმაყოფილება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ კონფლიქტის გადაჭრას. სიტუაცია შუაღამემდე დაძაბული იყო. სვანეთში სუბარის ჩასვლის და მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა.