თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 49 წლის მამაკაცი ქუთაისში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა გუშინ ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტიდან დანის მუქარით 500 ლარი გაიტაცა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა და გატაცებული ფულის ნაწილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა") მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.