მამუკა ბახტაძემ შვიდი ახალი გუბერნატორი წარადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შვიდი რეგიონის: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები წარადგინა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის გუბერნატორი კი შოთა რეხვიაშვილი გახდა. შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი გიორგი ხოჯევანიშვილმა დაიკავა, სამცხე-ჯავახეთის კი - ბესიკ ამირანაშვილმა.

რაც შეეხება სამეგრელო - ზემო სვანეთს, მას ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს. გურიის გუბერნატორის პოსტი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა, ხოლო იმერეთის - შავლეგო ტაბატაძემ.

საკადრო ცვლილებები შეეხოთ გუბერნატორების მოადგილეებსაც, პრემიერმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი დანიშნა.

„რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამოცანაა შევქმნათ კიდევ ერთი მექანიზმი კომუნიკაციისა საზოგადოებასთან. ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია და ენთუზიაზმი მოახმარონ ქვეყანას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გუბერნატორის ინსტიტუტი – საბჭოური წყობის გადმონაშთი?!

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

კერძოდ, თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

იმერეთს გუბერნატორი მიმდინარე წლის მარტიდან არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ყოფილმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

დღეს პრემიერს ექვსი ახალი გუბერნატორის ვინაობა უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ დილით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემაც.

პრემიერ-მინისტრმა უფრო ადრე განაცხადა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. მისი აზრით, არსებული ტიპის ბიუროკრატიული დონეები მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს.

 

ყველა ახალი ამბავი
0