გუბერნატორის ინსტიტუტი – საბჭოური წყობის გადმონაშთი?!

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი „მცირე მთავრობის" კონცეფციის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში 14 სამინისტროს ნაცვლად 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატია. ახლებურად გადანაწილდა ზოგი სამინისტროს ფუნქციაც.

ბოლო ცვლილების თანახმად, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემადგენლობაში იყო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაექვემდებარება. რეგიონული მართვის მიმართულებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონულ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ, რომ შევძლოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

მთავრობის კანცელარიაში რეგიონის საქმეებით დაკავებული სტრუქტურის შექმნა დადებითად შეაფასა „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პატრე მამრაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი სამსახური მთავრობის ადმინიტრაციაში ადრეც არსებობდა და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობდა, თუმცა დღევანდელი რეალობა განსხვავებულია და მთავრობა მას ახლებურად უნდა მიუდგეს.

„რეგიონულ საქმეთა განყოფილება მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა არსებობდეს და ამ სამსახურს რეგიონებში თავისი წარმომადგენლებიც უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა გაუქმდეს გუბერნატორების ინსტიტუტი“, – მიაჩნია პეტრე მამრაძეს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე - გუბერნატორების ინსტიტუტს გაძლიერება სჭირდება

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს რეგიონებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. საქართველოში სულ ცხრა გუბერნატორია. მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის გარდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ზედამხედველობა, სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ხელშეწყობაა.

პეტრე მამრაძის თქმით, ეს ინსტიუტუტი გასული საუკუნის 90-იან წლებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ შემოიღო, რადგან მას რეგიონებში სანდო ხალხი სჭირდებოდა, მაგრამ დღეს გუბერნატორმა თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა.

„ეს არის უვარგისი სისტემა, რომელიც ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც საბჭოური წყობის გადმონაშთი“, – განუცხადა პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთია გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის შენახვა, რადგან იქ დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ ხელფასებიც, პრემიებიც, მანქანებიც და ასე შემდეგ, ხოლო მეორე მხრივ, გუბერნატორები აფერხებენ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას, რადგან როდესაც ადამიანებმა იციან, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუნდაც ადგილობრივ ბიუჯეტზე და სხვა მრავალ სამეურნეო თუ პოლიტიკურ საკითხზე, უფრო ენერგიულად მუშაობენ, არის კონკურენცია და „ზევიდან მითითებებს“ არ ელოდებიან.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
მომავალ კვირას საქართველოს ახალი ხელისუფლება ეყოლება, გუბერნატორის ინსტიტუტი კი უქმდება

პეტრე მამრაძის თქმით, გუბერნატორების ინსტიტუტი „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გაეუქმებინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივლისს თანამდებობიდან ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა.

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ რეგიონებში, ასევე იმერეთში უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს.

იმერეთს გუბერნატორი მიმდინარე წლის მარტიდან არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ყოფილმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დატოვა.

 

ცირა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0