თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რეგიონული მართვის სერიოზული რეფორმის ჩატარებას და გუბერნატორების ინსტიტუტის ეფექტურობის ამაღლებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა ჩინოვნიკების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. მისი პირველი ნაბიჯი მინისტრების რაოდენობის შემცირება გახდა, თუმცა კულუარებში ხმები თვითმმართველობის რეფორმაზე გავრცელდა.
„ჩინოვნიკები ფეხით ივლიან – მთავრობა სამთავრობო ავტოპარკიდან ათას მანქანას ყიდის">>
„ამ ინსტიტუტს (გუბერნატორების) სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება", — განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია გუბერნატორების სისტემა მომავალში.
„საჭიროა ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე", — განაცხადა ბახტაძემ.
მან ასევე, ამ სტრუქტურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, არ გამორიცხა საკადრო ცვლილებები გუბერნატორებს შორის.
გუბერნატორები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან რეგიონებში. მათ თანამდებობაზე მთავრობა ნიშნავს და ისინი ანგარიშვალდებული სწორედ მთავრობის წინაშე არიან. სულ საქართველოში ცხრა გუბერნატორია.