თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. უშედეგოდ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა, რომელიც ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევის საკითხს მიეძღვნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხებზე კონსულტაციები დაიწყო, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მარგველაშვილი სთავაზობდა კომისიის შექმნას, რომელიც პრეტენდენტების შერჩევით დაკავდებოდა, რაც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ჩვენთვის გასაგებია მისი წინადადება. ის პროცესს დაახლოებით ასე ხედავს: პროფესიულ ჯგუფებზე გაანაწილოს თავისი კონსტიტუციური უფლებები და მოვალეობები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევას უკავშირდება, და რეალურად დაასახელოს ის კანდიდატი, რომელსაც, გარკვეული პროცედურების შედეგად, პროფესიულ ჯგუფები აირჩევენ. ჩვენი თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ბევრი არგუმენტის გათვალისწინებით ამგვარი პროცესი არ არის მიზანშეწონილი, მათ შორის დროის სიმცირის გამო", — განაცხადა Imedi-ს ეთერში სოფო ვერძეულმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ასევე ეთანხმება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის შერჩევაში.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა უნდა იქნეს გათვალისწინებული კანდიდატის შერჩევისას, კომისია ალბათ ვერ შეძლებს ამის გათვალისწინებას და ეს უფრო პოლიტიკური დისკუსიებისა და განხილვის საგანი უნდა იყოს, რომელსაც პრეზიდენტი თავად უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ ყველა მზად არის კონსულტაციებისთვის“, — განაცხადა ლომჯარიამ ტელეარხის ეთერში.
შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, განცხადება მარგველაშვილმაც გააკეთა. მან დაასახელა კონკრეტული კრიტერიუმები და თვისებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს უნდა გააჩნდეს.
„მინდა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიზანი იყოს მიმართული იქით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რომ განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ პროცესისა არის ის, რომ მე თავიდან ბოლომდე მინდა გამოვრიცხო ერთერთი პრობლემური შემადგენელი ქართული სასამართლოსი, ეს არის მისი პოლიტიკური, ან კლანობრივი აფილაცია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
სასამართლო სისტემა ბოლო დროს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკაცრ კრიტიკას იმსახურებდა. კრიტიკის საგანი გახდა გახმაურებული სასამართლო პროცესები, მათ შორის „ციანიდის საქმე" — დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებისთვის 9 წელი მიუსაჯეს. უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მამალაძის საქმის განხილვაზე.
გარდა ამისა, ქართული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გვენეტაძეს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. მათი მოსაზრებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა სასამართლო სისტემის მომავალი მოწყობის, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის და სხვა საკითხებში.
ციანიდის საქმე: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს >>
2017 წლის ნოემბერში გვენეტაძემ უარი თქვა 34-კაციანი სიის ხელმოწერაზე. ეს ადამიანები უვადოდ უნდა დაენიშნათ. ამან გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის უკმაყოფილება. საქმე იქამდე მივიდა, რომ გვენეტაძემ განაცხადა, რომ იგი ძალადობის მსხვერპლია საბჭოს წევრების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში 34 ადამიანის მოსამართლედ დანიშვნას ხელი მოაწერა.