თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ინდოეთში, კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ბოლო მონაცემებით, მუსონური წვიმებით გამოწვეულ სტიქიას სულ მცირე 350 ადამიანი ემსხვერპლა. 800 ათასი მოსახლე კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
წყალდიდობამ ათობით დასახლება დატბორა. დასახლების ნაწილთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამაშველო სამსახურის ჯგუფები დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანამდე წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილ ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ჰაერის საშუალებით აწვდიან.
არსებული ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ადგილობრივი მეთევზეებიც იღებენ მონაწილეობას. მათ დაზარალებულები უსაფრთხო ტერიტორიაზე საკუთარი ნავებით გადაჰყავთ.