თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ოზურგეთში დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თავდაპირველად, 22 წლის მ.თ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ასევე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე. სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 16 წლის გოგონა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ.
მოგვიანებით, ბრალდებული გოგონას მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. როდესაც გოგონამ ბოროტმოქმედს გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, მან გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც 16 წლის მოზარდმა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.
ბრალდებულის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.