თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 29 წლის ბრალდებული მშობიარობის შემდეგ შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი 58 წლის დედასთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა.
დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1 ათასი ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. ბრალდებულები მყიდველის მიერ თანხის გადახდის დროს დააკავეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-პრიმა-2 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ("წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვა"), რაც ითვალისწინებს 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.