თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. 17 ქართველ მეზღვაურთან, რომლებიც პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის Pantelena IMO 9321469 ბორტზე იმყოფებოდნენ, კავშირი გაწყდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გემი, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კონტაქტზე ბოლოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გამოვიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემის მოძიების სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან“, — აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ისე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO.
კომპანია „იალქანმა“, რომელმაც მეზღვაურები სამუშაოდ გაუშვა, ახლახან გაავრცელა განცხადება, რომ გემი, სავარაუდოდ, მეკობრეებმა გაიტაცეს.
ტანკერი Pantelena IMO 9321469 2006 წელს აშენდა. გემის ეკიპაჟში 21 ადამიანია.