კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ბედი კვლავ უცნობი რჩება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგ-დარბაზი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგ-დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართულ აქციასთან დაკავშრებით უწყება განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კონგოში დატყვევებული ქართველი პილოტის, სოსო ოსორაულისოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს — ისინი მოითხოვენ შეიქმნას ოფიციალური ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება კონგოში და ქართველი პილოტის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შეისწავლის.

გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის მეამბოხეებმა ოსორაული ტყვედ 2017 წლის იანვარში აიყვანეს. ზოგიერთი მონაცემებით, მეამბოხეები ტყვის გათავისუფლებაში ერთ მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაისში მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოსორაულის მეუღლეს არ სჯერა, რომ მისი ქმარი დაიღუპა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან, სანამ პილოტის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა.

დარბაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება კონგოში ქართველი პილოტის ბედს არკვევს

„არაფერი შეცვლილა, არავინ ინტერესდება ჩემი ძმის ამბით. მოვითხოვთ მოლაპარაკებების გააქტიურებას. მოვითხოვ კონგოში ჩემს წაყვანას ოფიციალურ პირებთან ერთად, რათა ადგილობრივ გენერლებს შევხვდეთ და ადგილზე გავარკვიოთ ცოცხალია თუ არა ჩემი ძმა. გენერლები იქ მყოფ ქართველებს ეუბნებიან, რომ სოსო არის ცოცხალი", — განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა.

„კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან", — ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო პატრული კონგოში - Sputnik საქართველო
მეამბოხეები კონგოდან ქართველი პილოტის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

„ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციის გამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით", — აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან ისინი იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან.

ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალების თადარიგის პოლკოვნიკია. ოჯახის წევრების თქმით, მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა და კონტაქტზე პერიოდულად გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო არ გააჩნია, ის ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს საელჩოს საშუალებით ახორციელებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარსა და ანტისამთავრობო ფორმირებებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2004 წლიდან გრძელდება. მოძრაობა M23 ტუტსის ეთნიკური უმცირესობის ინტერესებისთვის იბრძვის და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0