საგარეო უწყება კონგოში ქართველი პილოტის ბედს არკვევს

© Sputnik / Alexander Imedashviliდარბაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
დარბაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრები გამართა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც იანვარში ამბოხებულებმა ქართველი პილოტი ტყვედ აიყვანეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ზომების მიღებას ქართველი პილოტის იოსებ ოსორაულის ბედის გასარკვევად, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ტყვედ აიყვანეს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გასამხედროებული დაჯგუფება M23-ის მეამბოხეებმა ოსორაული ტყვედ 2017 წლის იანვარში აიყვანეს. ზოგიერთი მონაცემებით, მეამბოხეები ტყვის გათავისუფლებაში ერთ მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაისში მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოსორაულის მეუღლეს არ სჯერა, რომ მისი ქმარი დაიღუპა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან, სანამ პილოტის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა.

საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების ვითარებაში გასარკვევად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქალაქ პრეტორიაში) ბექა დვალი 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში.

სამხედრო პატრული კონგოში - Sputnik საქართველო
მეამბოხეები კონგოდან ქართველი პილოტის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

ქართველმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ზომის მიღება იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.

"ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება–დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს… აღინიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს, აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ, როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს", — განაცხადა დვალმა.

უფრო ადრე მეამბოხეთა მოძრაობა "23 მარტის" (М23) ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ განაცხადა, რომ ოსორაული მაისში სამთავრობო ჯართან მორიგი შეტაკებისას დაიღუპა.

ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალების თადარიგის პოლკოვნიკია. ოჯახის წევრების თქმით, მან საქართველო ორი წლის წინ დატოვა და კონტაქტზე პერიოდულად გამოდიოდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო არ გააჩნია, ის ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს საელჩოს საშუალებით ახორციელებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარსა და ანტისამთავრობო ფორმირებებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2004 წლიდან გრძელდება. მოძრაობა M23 ტუტსის ეთნიკური უმცირესობის ინტერესებისთვის იბრძვის და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება М23-ის ბოევიკების მხარდაჭერაში მეზობელ რუანდას ადანაშაულებს, თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება ამას არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0