თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორთა წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა, იუწყება ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ“, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვ.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ასეთი შეხვედრები და ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შევქმნათ ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭო, სადაც რეგულარულად მოვისმენთ სექტორის მონაწილეებისგან წინადადებებს და მათ ყურადღებას მივაქცევთ,“ — განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინებს.
საქართველოში ტურიზმის სფერო აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ახალი სასტუმროები ჩნდება, ტარდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების ხარისხის შემოწმება, ასევე პერსონალისა და გიდების გადამზადება.
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2018 წლის ივლისში მილიონს გადააჭარბა, ზრდა გასულ წელთან შედარებით 10,5%-ია,
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყო.