თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან ექვს თვეში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 3,5 მლნ-ს გადააჭარბა, რაც 13,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფეისბუქ-გვერდზე.
ვიზიტორთა შორის ტურისტული მიზნით ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობამ 1.9 მლნ შეადგინა. ამ შემთხვევაში ზრდა 22,9%-ს უტოლდება.
ყველაზე ხშირად საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოდიან, რაც საანგარიშო პერიოდში 600,4 ათას ვიზიტორს უდრის და 10,6%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან — 527 ათასი ვიზიტორი, რაც 27,9%-თ მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში შემოსვლის სიხშირით მესამე ადგილზე მეზობელი სომხეთის მოქალქეები არიან — 516,2 ათასი შემოსვლა ექვს თვეში (+3,9%).
თითქმის იგივე რაოდენობის ვიზიტორი შემოდის თურქეთიდანაც: 515 ათასი ვიზიტი, ზრდა +20,4%.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველო თანდათან უფრო პოპულარული ხდება კორეის, საუდის არაბეთის, კუვეიტისა და ჩინეთის მოქალაქეთა შორის.
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში უცხოელებმა საქართველოს ბიუჯეტში 799 მლნ დოლარი შეიტანეს (მატება +28,4%).
2018 წლის პირველ კვარტალში უცხური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 551 მლნ დოლარი შეადგინა (+26,7%). შესაბამისად, ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მუცულობის 6,8% მოდის.