პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება

გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ წარმატებული პიანისტის, მზია ჯაჯანიძის ცხოვრებას და საქმიანობას გაგაცნობთ.

ცხოვრობს ქალაქში, სადაც შუმანი და მენდელსონი წერდნენ მუსიკას და საიდანაც 100 კმ-ის დაშორებით ბეთჰოვენი დაიბადა… ამბობს, რომ ბედნიერებაა ამ იმპულსებითა და განწყობით იცხოვრო. უკვე ხუთი წელია, რაც გერმანიის მოქალაქეა.

წარმატებულ ქართველ პიანისტს არა მარტო გერმანული პუბლიკა უკრავს ტაშს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მთავარ სცენებზე ეპატიჟებიან. მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო პრიზი, მათ შორისაა, საერთაშორისო პრიზები ლიტვაში, საბერძნეთში, ცნობილი პიანისტის ელიზაბეტ ლეონსკაიას პრიზი, კორეის ფესტივალზე ვერცხლის პრიზი და სხვა პრიზები, რომელსაც მასალაში გაეცნობით. როგორც კონცერტმეისტერმა გერმანიის თეატრებში სხვადასხვა დირიჟორებთან, მომღერლებთან, ორკესტრთან, რეჟისორებთან მუშაობამ მოუწია.

მას დავუკავშირდით გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც როგორც პიანისტი ინტენსიურად მოღვაწეობს.

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე

- ქალბატონო მზია, მსოფლიოს დიდ სცენაზე გამოსვლის ოცნება ალბათ ჯერ კიდევ მაშინ გაგიჩნდათ, როცა რვა წლის ასაკში სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ბახის ნაწარმოებებს ასრულებდით?

— როდესაც ბავშვობიდან ეზიარები მსოფლიო კლასიკური მუსიკის კულტურას, ეხები: ბახს, ბეთჰოვენს, შუმანს, ბრამსს და სხვებს, ბუნებრივია, ოცნებად გიჩნდება იმ ქვეყანაში სწავლა და იმ ენაზე საუბარი, რომელზეც ეს დიდი კომპოზიტორები საუბრობდნენ და მოღვაწეობდნენ. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იცი, რამდენად შეასხამ შენს ოცნებას ფრთებს და ამაზე ფიქრი უტოპიად მიგაჩნია. ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დავიბადე. დედამ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანა —მაშინ "ოფიცერთა სახლი" ერქვა. რუსულ სკოლაში დავდიოდი, მუსიკალური სკოლაც დედამ შემირჩია… ჩემი პირველი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნანული მიქაბერიძე გახლდათ. მალევე გამოიკვეთა, რომ ძალიან სწრაფად ვეუფლებოდი ინსტრუმენტზე დაკვრას და დიახ, რვა წლის ასაკში დირიჟორ თენგიზ ჭუმბურიძესა და ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბახის საფორტეპიანო  კონცერტი შევასრულე. ბატონმა თენგიზმა ჩემი მუსიკოსად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია.

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე

სავარდო ქუთაისი და მაისის ვარდები ქუთათური მაყურებლისგან

სოლო-კონცერტებს ქუთაისის ოპერის თეატრში ყოველწლიურად ვმართავდი. დღემდე მომდევს ის შეგრძნება, როცა შენი შესრულებით შეგიძლია ადამიანები გააბედნიერო და მათში გარკვეული ემოციები გამოიწვიო. და კიდევ, რათქმაუნდა ყვავილები, ბევრი ვარდი, ქუთაისი ხომ სანავარდო და სამაისო ქალაქია! ძირითადად კონცერტებიც მაისში მქონდა და იმ ვარდების სურნელება და ადამიანების სითბო და სიყვარული დღემდე ულამაზეს მოგონებებად მომყვება. შემდეგ იყო ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებლის მისაღები გამოცდები და ჩემს უსაყვარლეს პედაგოგთან, ციცინო თოდუასთან გატარებული რამდენიმე წელი. სამუსიკო სასწავლებლის მერე თბილისში, ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში, "ნიჭიერთა ათწლედში“ შევედი..

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე

- თქვენი შემოქმედებითი გზა თბილისიდან დაიწყო?

— დიახ, თბილისიდან დაიწყო ჩემი პროფესიული მუსიკალური  გზა. აქვე გეტყვით, რომ ჩემთვის დედის მფარველობა განსაკუთრებით 90-იანების რთულ პერიოდში გმირობის ტოლფასი იყო. თბილისში ძალიან ბევრი კონცერტი და გამოსვლა მქონდა. ოცნება ამიხდა და მოვხვდი პიანისტ პროფესორ, თენგიზ ამირეჯიბის კლასში, რომელსაც იმ დროისთვის უკვე აღარ ასწავლიდა ათწლედში და გამონაკლისის სახით მე მისი ერთადერთი მოსწავლე ვიყავი. შემდეგ მისივე სტუდენტი გავხდი თბილისის კონსერვატორიაში და მაგისტრატურა მისივე კლასში დავამთავრე. მქონდა უამრავი საინტერესო შეხვედრა მუსიკოს-პედაგოგებთან, პროფესორებთან: მედეა ალთუნაშვილთან, ლალი ბაქრაძესთან, ოთარ ჩუბინიშვილთან, რუსიკო კიკნაძესთან, რომელმაც ძალიან შემაყვარა სავიოლინო მუსიკა და ა.შ.

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე მეგობართან ერთად
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე მეგობართან ერთად

- როგორ აღმოჩნდით იმ ქვეყანაში, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?

— ჩემი ოცნებისთვის, რომ მეცხოვრა და კონცერტი ჩამეტარებინა გერმანიაში, ბევრს ვიბრძოდი. საქართველოში კონსერვატორიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ უმაღლესი ქულით ჩავაბარე ფრაიბურგის უმაღლეს სამუსიკო უნივერსიტეტში "Musikhochschule Freiburg", სადაც მივიღე "Diplom-Musiker" და  Konzertpianist"-ის წოდება, ასევე უმაღლესი შეფასებით. პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში ადვილი არ იყო, არსებობდა ენის ბარიერი, ვიყავი ოჯახის, მეგობრებისგან და სამშობლოსგან შორს, მაგრამ დარწმუნებული იმაში, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ეს ყველაფერი შედგეს აუცილებლად მოიტანდა.

ქართველი მუსიკოსის პრიზები და გამარჯვებები უცხოეთში

მზია ჯაჯანიძე: ჩემი ფრაიბურგის Musikhochschule —ში სწავლის პერიოდში ბევრი პრიზი მივიღე და ლაურეატის წოდება მომენიჭა. გავიმარჯვე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კონკურსებზე: Arthur Lepthien Klavier Wettbewerb, სადაც მეორე პრემია მომანიჭეს. პირველი პრემია ავიღე კონკურსზე- Bechstein Hochschulwettbewerb, წარმატებით გამოვედი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პალმა დე მაიორკაზე, ასევე იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე: "Valsesia musica international piano competition", მომენიჭა Helen Rosenberg-ის სტიპენდია და სხვა მრავალი…

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე მეგობრებთან ერთად
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე მეგობრებთან ერთად

- ასეთი წარმატებული კარიერის შემდეგ საოპერო ჟანრში რატომ გადაინაცვლეთ?

— სოლო-პიანისტისთვის რაოდენ უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ფრაიბურგის მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე საოპერო თეატრში მომესინჯა საკუთარი თავი და მუსიკალური თვალსაწიერი კიდევ უფრო მეტად გამეფართოებინა. ოპერა ყოველთვის მიყვარდა და როგორც სოლო-კორეპეტიტორმა, ჩვენს ენაზე კონცერტმაისტერმა, "Staatsoper Hannover" და "Theater Kiel"- ში გერმანიაში ხუთი წელი ვიმუშავე. ჩემთვის თეატრებში გატარებული წლები ძალიან დიდი გამოცდილება და სკოლა იყო. სხვადასხვა დირიჟორებთან, მომღერლებთან, ორკესტრთან, რეჟისორებთან მუშაობამ კიდევ უფრო გაამდიდრა ჩემი მუსიკალური სპექტრი და მასშტაბური გახადა ჩემი ხედვა საფორტეპიანო მუსიკის სფეროში. სოლო-კარიერას პარალელურად ვაგრძელებდი,  ბოლო სამი წელია ძალიან ინტენსიურად თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, სცენაზე როგორც სოლისტი ისე ვარ.

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე

კონცერტი-მიძღვნა საყვარელ პედაგოგს

28 ნოემბერს, გერმანიის ძალიან ბევრ ქალაქში, ასევე შვეიცარიაში, ჰოლანდიაში და ესპანეთში, ასევე სკრიაბინის მუზეუმში დაგეგმილია ჩემი სოლო-კონცერტი, რომელსაც  მივუძღვნი თენგიზ ამირეჯიბს და მის პედაგოგს, მოსკოვის კონსერვატორიაში ცნობილ და გამოჩენილ რუს პიანისტს, პროფესორ ლევ ობორინს..

- თქვენს კონცერტს გერმანელი პრინცესაც დაესწრო…

— ჩემთვის ყველა სცენა ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა… გერმანიის ბევრ დარბაზში დამიკრავს, ესენია: C.Bechstein Centrum Hamburg;Frankfurt; Düsseldorf; Tübingen (ყველა მათგანი ბეჰშტაინის სახლია- ეს როიალების ცნობილი მარკაა), "Zitadelle Spandau" სასახლეში… მაგრამ მაინც გამოვყოფდი ერთ კონცერტს, რომელიც შთამბეჭდავი იყო და ა.წ. მარტში გერმანიის ჰოჰენცოლერნების (Prinzessin von Hohenzollern) დინასტიის ბოლო პრინცესას სასახლეში "Burg Namedy" (ნამედის სასახლე —ასე ჰქვია) ჩატარდა. ეს კონცერტი თავად პრინცესამ მოისმინა. ასევე დავუკარი ფრაიბურგში, მარინა ცვეტაევას ცენტრში, სადაც ოქტომბერში,  არაჩვეულებრივ მოსკოველ მევიოლინესთან ერთად გავმართავ კონცერტს. გასული წლის სექტემბერში ჩავწერე სადებიუტო დისკი, რომელშიც შეტანილია ჰაიდნის, შოპენის, სკრიაბინის, რევაზ ლაღიძის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები…

© photo: courtesy of Mzia Jajanidzeმზია ჯაჯანიძე
პიანისტი, რომლის კონცერტსაც გერმანელი პრინცესა ესწრება და მისი ხმამაღალი აღსარება - Sputnik საქართველო
მზია ჯაჯანიძე

- ქალბატონო მზია, ასეთი გადატვირთული რეჟიმის ფონზე ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებზე რას იტყვით?

— ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად უცხოეთში ადამიანების მიმართ სიყვარულს და მეგობრობას მივიჩნევ. წარმატებაა, როდესაც ბატონ ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებების ბის-ზე შესრულების მერე ჩემთან ბევრი თვალცრემლიანი მოდის და მეკითხება: თუ რა შევასრულე… წარმატებაა, როცა სცენაზე გადიხარ და იმ ადამიანების გულს და სულს წვდები, რომლებიც პირადად არ გიცნობდნენ, არასოდეს დაგინახავს, მაგრამ მათ მუსიკის ენით ესაუბრები, გრძნობ, ეფერები. მიუხედავად ეროვნებისა, მათში ყველანაირ ემოციას იწვევ… ასეთი ლამაზი წუთები თუ საათები ჩემთვის დაუვიწყარია, ისინი მილამაზებს ცხოვრებას და კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, თუ რამხელა ბედნიერებაა იყო ხელოვანი, თანაც, ისეთი მადლიანი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა…

ხმამაღლა წარმოთქმული „აღსარება“

მზია ჯაჯანიძე: მენატრება ქართული ტაძრების ზარების რეკვა, ქართულად მოკაშკაშე მზე, ხედი მოწამეთიდან, იმერული იუმორი… ძალას მაძლევს ის განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც ყველგან ყველაფერს შეგაძლებინებს! ამას რომ ვამბობ მართლა ძალიან გულწრფელი ვარ. იყო დრო, როცა მუსიკალური საზოგადოება კარგად იცნობდა ჩემს სახელს, თენგიზ ამირეჯიბის ერთ- ერთი უსაყვარლესი სტუდენტი ვიყავი და მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, უწმინდესთან თითქმის ყველა ღონისძიებაზე ვუკრავდი საპატრიარქოში… ბოლოს, დაახლოებით ექვსი წლის წინ გერმანიაში წამოსვლის შემდეგ დავუკარი ფესტივალზე „აღდგომიდან ამაღლებამდე“. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ახლანდელი საქართველო არ მომწონს, ის ყველაფერი რაც მიყვარდა- დაკარგულია, ადამიანები აგრესიული გახდნენ-შორიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება… დამიჯერებთ, ამას რომ ვწერ, ცრემლები მომადგა. დიდი ხანია მინდოდა ასეთი "აღსარება" მეთქვა და მწარე სიმართლისთვის ნუ განმსჯით, ესეც დიდი სიყვარულის შედეგია…

 

ყველა ახალი ამბავი
0