თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბების მექანიზმის შექმნაში და არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა, ამაზე საპასუხოდ ცესკომ ოპოზიციას საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია დააბრალა.
ცესკო ეს–ესაა, არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა >>
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ცესკომ კენჭისყრის პროცესისთვის მზადება დაიწყო და საოლქო საარჩევნო კომისიები დააკომპლექტა.
ოპოზიციონერებმა ცესკო დაადანაშაულეს იმაში, რომ საარჩევნო კომისიები მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებით კომპლექტდება.
„ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში“, — განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ცესკოს გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო კომისიების გასაუბრების გარეშე დაკომპლექტებას გულისხმობს.
თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ცესკო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
„ბოლო შვიდ თვეში ბიუჯეტიდან 67 000 ლარი დავხარჯეთ იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარე წასულიყო კოლუმბიაში, მექსიკაში, კანადაში. ვხარჯავთ სახსრებს, რომ ცესკო იყოს ღია და გამჭვირვალე და არჩევნებს სათანადოდ ემსახურებოდეს, მაგრამ საპირისპიროს ვიღებთ. მაგალითად, კომისიების ფორმირება — როდესაც კომისიების ნეიტრალური წევრების ადგილებზე ინიშნებიან „ქართული ოცნების“ წევრების ცოლები, ბიძაშვილები და დეიდები“, — განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.
ამ განცხადებებმა ცესკოს აღშფოთება გამოიწვია.
ივანიშვილის ახალი ოცნება — ჭრელი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა რეალურ კონტურებს იძენს >>
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში“, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მისი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკოს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ ხაბეიშვილმა მოიტყუა — თითქოს ცესკოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში.
ცესკომ ასევე უარყო ინფორმაცია საოლქო კომისიების ფორმირებისას მიკერძოებული მიდგომების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 — ოპოზიციის ახალი ალიანსი >>
„როგორც ოლქების, ისე ცესკოს თანამშრომლების შერჩევისას ცესკო ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა“, — ნათქვამია განცხადებაში.