თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე („ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“) სახელს აღარ შეიცვლის, რადგან პარტია „გირჩი“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას შეძლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლებას „გირჩს“ ცესკო-ს ახალი დადგენილება აძლევს.
კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია.
პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა პარტიის კანდიდატი ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ“ ყოფილიყო წარმოდგენილი. ჯაფარიძე განმარტავდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ იქნება გირჩი / Girchi-ს კანდიდატი, რადგან პარტიას არ ჰქონდა კანდიდატის დაყენების უფლება, თუ წინა არჩევნებზე რეგისტრირებული არ იყო.
ამ დროისათვის ცესკოში 19 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.