თანამედროვე „მამლუქი" - შვილი, რომელიც დედამ სამაჯურით იცნო - ცრემლებით დამბალი ევროები

© photo: courtesy of Tinatin Maghradzeთინათინ მაღრაძე და მისი ვაჟი ლუკა ქემაშვილი
თინათინ მაღრაძე და მისი ვაჟი ლუკა ქემაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ამბავი უცხოეთში მცხოვრები ერთი ქართველის ცხოვრების ისტორიაა. როგორც ემიგრანტების უმრავლესობა ისიც მოხუცს უვლის...

ამ ტკივილიან ამბავს თინათინ მაღრაძე თავად მოგვიყვება და ჩვენ მხოლოდ „მსმენელის“ როლში ვიქნებით.

© photo: courtesy of Tinatin Maghradzeთინათინ მაღრაძე
თინათინ მაღრაძე - Sputnik საქართველო
თინათინ მაღრაძე

თინათინ მაღრაძე: ყველამ იცის როგორი მძიმეა ემიგრანტული წლები, თითქმის საუკეთესო წლები ემიგრაციას შევალიე.

საქართველოში კავშირგაბმულობის სასწავლო-სამეცნიერო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. ორ წელზე მეტ ხანს ვიმუშავე „АТС“-ში ცვლის ინჟინრად და ხელფასი 80 ლარი მქონდა. ეს იყო 2004-2007 წლები. ათენში 2008 წლიდან ვარ და 94 წლის ბებოს ვუვლი. მეუღლეს ათენში წამოსვლამდე გავშორდი. ერთადერთი, 16 წლის ვაჟი მყავს. როცა აქ წამოვედი 26 წლის ვიყავი, ახლა 37-ის ვარ. საქართველოში დავტოვე ხუთი წლის შვილი, რომელიც ამის შემდეგ მხოლოდ 13 წლის ასაკში ვნახე….

© photo: courtesy of Tinatin Maghradze5 წლის ლუკა ქემაშვილი
5 წლის ლუკა ქემაშვილი - Sputnik საქართველო
5 წლის ლუკა ქემაშვილი

ქართული ფილმი „მამლუქი“ ხომ გინახავთ? მსგავსი რამ დამემართა…

ემიგრაციაში დამოუკიდებლად აზროვნებას და თავის გატანას მივეჩვიე. უცხო ქვეყანაში სხვა გზა არ გაქვს. ვალდებულიც ხარ, რომ საკუთარ თავს ენდო. საქართველოში ავადმყოფი, პენსიონერი დედა მყავს. მენატრება საქართველო, მაგრამ იქ ცხოვრებას ალბათ ვეღარ შევძლებ…

სულ სხვა თემაა ბავშვობა… იმ მძიმე 90-იანებს უკვალოდ არ ჩაუვლიათ. სწავლით კარგად ვსწავლობდი და ფრიადოსანიც ვიყავი, მაგრამ ეკონომიურად გვიჭირდა. თუმცა მაშინ მთელ საქართველოს უჭირდა… არ მიყვარს მოთქმა და წუწუნი. იმ გაჭირვების წლებში ადამიანებს სუფთა და ალალი მეგობრობა და ურთიერთობა გვქონდა.

© photo: courtesy of Tinatin Maghradzeთინათინ მაღრაძე საავადმყოფოში
თინათინ მაღრაძე საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
თინათინ მაღრაძე საავადმყოფოში

საქართველო რომ უნდა დამეტოვებინა და ათენში წამოვსულიყავი ეს რამდენიმე თვით ადრე გავიგე. დავიწყე საბუთების შეგროვება და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ — გამიმართლა. გერმანიის საელჩომ საქართველოში თანხმობა ჩამირტყა. მოსამზადებლად ერთი თვე მრჩებოდა. ყოველ ღამე ჩემს ხუთი წლის ბიჭს მკერდზე ვიწვენდი და იავნანას ვუმღეროდი ფილმში „იავნანამ რა ჰქმნა" რომ ჟღერს.

ათენში ჩამოსულს თავიდან ძალიან გამიჭირდა შვილისგან შორს ყოფნა. არ მინდა 2008 წლის ომის გახსენება, როცა ყოველდღე ვრეკავდი სახლში და მეშინოდა — მიპასუხებდნენ თუ არა.

ჩემი წამოსვლიდან ერთი წლის მერე, რადიოს ერთ-ერთ არხზე ერთხელ თურმე სწორედ ის იავნანა გაისმა შვილს რომ ვუმღეროდი. დედამ მითხრა ამ დროს ბავშვს ფერი ეცვალა და ტირილი დაიწყოო. როცა უკითხავს: რა ატირებსო?— ლუკას უთხოვია: რადიო გამორთე, ამ იავნანას ხომ დედა მღეროდაო. არ ვიცი, ალბათ ბავშვს უნდოდა, რომ ეს სიმღერა ჩემი ხმით ხსომებოდა…

2014 წლის მარტში კანონი შემეხო და საბერძნეთში ბინადრობის უფლება ავიღე. აგვისტოში საქართველოში ჩავედი. იმ ზაფხულს ამანათი მქონდა გაგზავნილი ბავშვთან, რომელშიც მისთვის ტყავის სამაჯური მედო. რატომ ვახსენებ ამ სამაჯურს ქვემოთ მიხვდებით…

© photo: courtesy of Tinatin Maghradzeთინათინ მაღრაძის ვაჟი ლუკა ქემაშვილი
თინათინ მაღრაძის ვაჟი ლუკა ქემაშვილი - Sputnik საქართველო
თინათინ მაღრაძის ვაჟი ლუკა ქემაშვილი

იმ დროისთვის ჩემი წამოსვლიდან დაახლოებით შვიდი წელი იყო გასული და ბავშვი, რომელიც ხუთი წლის დავტოვე და 12-ის მხვდებოდა. ათენიდან გაფრენის წუთიდან რაც დრო გადიოდა და მანძილი მოკლდებოდა, მით უფრო მეტად ვღელავდი. ერთი სული მქონდა როდის დაეშვებოდა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში. როცა ჩამოვედი, გასასვლელისკენ გავემართე და თვალებით ნაცნობ სახეებს დავუწყე ძებნა. ვერავის ვხედავდი.

უცებ მოაჯირთან შევნიშნე პატარა ბიჭი, რომელმაც წამით შემომხედა და ისევ ჩემს ზურგს უკან განაგრძო დაჟინებული მზერა. ამიტომ აღარც მე მივაქციე ყურადღება, რადგან „ჩემებს" ვეძებდი. აეროპორტში იმდენი დამხვედრი იყო და იმდენი წყვილი თვალი, რომ მიჭირდა ოჯახის წევრების ამოცნობა. იმ უცნობ ბიჭამდე, წეღან რომ ვახსენე, 3-4 ნაბიჯი იყო დარჩენილი. არც მერე მივაქცევდი ყურადღებას, მის მაჯაზე ნაცნობი სამაჯური რომ არ დამენახა. დავიბენი… „იქნებ, ეს არის ჩემი ლუკა, განა რამდენს უნდა ეკეთოს თბილისში ასეთი სამაჯური…" და „ჩურჩულით“ ვიყვირე:

— ლუკა, შენ ხარ, დედი?…

მერე არაფერი მახსოვს და ვერაფერს „ვხედავდი“… იყო ჩახუტება და სიხარულის ცრემლები. ჩემს შვილს „სკაიპით“ კი ვნახულობდი, მაგრამ რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, პირადად ვერ ვიცანი. არანაირი მსგავსება არ იყო „სკაიპში“ ნანახსა და რეალურ „ცოცხალ" ადამიანთან. შვილს ვინ ჩივის და დედა რომ დედაა, ისიც ვერ ვიცანი და ვერც ჩემი და… უკვე მოგვიანებით ოჯახის ყველა წევრი და გარშემო ხალხი- ერთდროულად დავინახე…

იმის მერე, ამ შემთხვევაზე ბევრს ვფიქრობ… ჩემთვის რთულია სირთულეების დაძლევა, მაგრამ მიადვილებს ის, რომ მყავს შვილი, რომლითაც ვამაყობ და დედა, რომლის ამაგიც ჩემთვის ფასდაუდებელია. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვეფერები ჩემს ემიგრანტ დებს და ვეტყვი: გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, ცრემლებით დალბობილ ევროებს ბედნიერება არ მოაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0