თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-მ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თურქეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდ" თენგიზ ხოფერიასთან კავშირის გამო ოთხი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებმა შუამდგომლობით მიმართეს ხოფერიას, რათა მას ფინანსური დავა გადაეწყვიტა. ამას გარდა, ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პირებს ფულადი პრობლემების „კანონიერი ქურდის" მონაწილეობით გადაწყვეტას სთავაზობდა.
ამგვარად, დაკავებულების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით „ქურდული სამყაროს წევრობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვა". ეს დანაშაულები სამიდან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
რაც შეეხება ე. წ. კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, მის მიმართ დაუსწრებლად აღიძრა საქმე მუხლით „კანონიერი ქურდი", რაც ცხრიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შსს–ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე. წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ცვლილებების შესაბამისად, უქრდული სამყაროს წევრობა ისჯება შვიდიან ათ წლამდე პატიმრობით, ჯარიმით ან უჯარიმოდ, ხოლო „კანონიერ ქურდებს" ცხრიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დანაშაულად ცხადდება „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა, „ქურდული შეკრების" ორგანიზება და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის, ასევე „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა