თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ნორვეგიის ქალაქ დრამენში ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, იუწყება პირველი არხი.
ცხრა შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა. იგივე რაოდენობა ჰქონდა რუს ელენა ფატალიბეკოვას, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქართველმა მოჭადრაკემ გაუსწრო მეტოქეს.
კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალიც საქართველოს წარმომადგენელმა — თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა, რომლის აქტივში 5 ქულაა.
ნონა გაფრინდაშვილი — ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962 – 1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანია, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978). 1982 წელს იგი გახდა „ჭადრაკის ოსკარის" პრიზის პირველი მფლობელი.