თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის საბავშვო ფესტივალი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება დატვირთული, მთაწმინდის პარკში პირველად 29 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
უჩვეულო ფესტივალი მთაწმინდის პარკში >>
ფესტივალზე ბავშვები სახალისო და შემოქმედებით ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარკის ტერიტორია დაიყოფა ხუთ ზონად, რომლებიც სხვადასხვა თემას მიეძღვნება: სპორტს, განათლებას, ჯანმრთელობას, გართობას და საბავშვო სტარტაპებს.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში საბავშვო სემინარები და კონკურსები ჩატარდება.
„გელოდებით ყველას! ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელი, სპორტული, გარემოზე მზრუნველი ბავშვების მომავალზე!“, — მოუწოდებენ ორგანიზატორები.
თბილისის საბავშვო ფესტივალზე, რომელიც „თიბისი“ ბანკის მიერ დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით არის ორგანიზებული, დასწრება თავისუფალი იქნება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.