თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ყვარელის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს — დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები შაქრიანი დიაბეტის გამო გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ხანგოშვილს, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ — აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად კვირას წაუყენეს. თავად ხანგოშვილი ბრალს არ აღიარებს. სასამართლო სხდომა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე ორშაბათს გაიმართება.
ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია. დაკავებულის დედის, მედეა ხანგოშვილის სიტყვებით, მუსა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ოჯახის მოსანახულებლად საქართველოში 12 წლის განმავლობაში პირველად წელს ჩამოვიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი შვილი გურჯაანში 4 აგვისტოს დააკავეს, როდესაც იგი ძებნაში მყოფი ძმის საქმის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მივიდა. ხანგოშვილი შემდეგ ყვარელში — წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ჩეჩნეთის პრეზიდენტთან შვილის მეგობრობას მედეა ხანგოშვილი არ უარყოფს და არანაირ პრობლემას არ ხედავს ამაში.