თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზე განთავსდა, აღნიშნულია ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული პალატის (European Chamber) კვლევებში.
წელს საქართველომ საკუთარი რეიტინგი ორი პოზიციით გაიუმჯობესა — 2017 წელს ქვეყენა მე-20 ადგილზე იყო.
ევროპული პალატის ანგარიში ორ კვლევის შედეგებს ეყრდნობა. პირველი — მსოფლიო ბანკის Doing Business – 2018-ის ანგარიშია, მეორე კი კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა შეადგინა.
European Chamber-ის კვლევა მოიცავს საერთო ბიზნეს-გარემოს, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკას, სოციალურ კლიმატსა და პირობებს, რომლებიც შეიძლება კერძო სექტორისთვის წინააღმდეგობა გახდეს. რეიტინგი 46 ქვეყანას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 100-ბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც უმაღლესი ქულა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანას ენიჭება.
ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა>>>
რეიტინგში საქართველოს "მეზობლები" გახდნენ ლიეტუვა და პოლონეთი, რომლებმაც 69-69 ქულა მიიღეს. რაც შეეხება რეალურ მეზობლებს, თურქეთი 38-ე ადგილზეა (55 ქულა), სომხეთი — 39 ადგილზე (54 ქულა), რუსეთი — 42 ადგილზე (52 ქულა) და აზერბაიჯანი 45-ე ადგილზე (51 ქულა).
ევროპაში ბიზნესისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნად დანია დასახელდა, რომელმაც 86 ქულა მიიღო, ყველაზე ცუდი შეფასება კი უკრაინას ხვდა წილად — 48 ქულა.