ლამაზები და იუმორის არმქონე ადამიანები ნუ დამიკავშირდებით! -კარგი განწყობილება შეკვეთით

გამოწერა
დღეს საქართველოში იმდენი ნიჭიერი მეთოჯინეა, რომ მათი ნამუშევრები ექსპონატებად, ალბათ, ერთ მოზრდილ მუზეუმს დაამშვენებდა. ჩვენ პერიოდულად გაცნობთ ამ ადამიანებს, რომელთაგან ზოგი თვითნასწავლია, ზოგი კი- პროფესიონალი მხატვარი.

ამჯერად წარმოგიდგენთ ქალბატონ ირინე არაბულს, რომელმაც გადაწყვიტა სხვებისგან განსხვავებული გზა აერჩია. გარდა ამისა, ის თეფშებზე ხატავს და მინიატურული ნივთებისა და ღვინის ბოთლების გაფორმებაზეც მუშაობს.

- ქალბატონო ირინე, საქართველოში დღეს თოჯინების შექმნაზე ბევრი მუშაობს, მაგრამ თქვენ განსხვავებული ფორმა შეარჩიეთ — კარიკატურულ თოჯინებს ამზადებთ…

— გადავწყვიტე, ყველასაგან განსხვავებული ვყოფილიყავი — ერთიდაიგივე ფორმის და სხვებზე მიმსგავსებული თოჯინები არ მინდოდა გამეკეთებინა. მე ადამიანის მსგავს თოჯინებს ვაკეთებ და მათში იუმორს ვაქსოვ. ბუნებრივია, როცა ხელოვანს სურვილი უჩნდება, რომ ინდივიდუალური იყოს და სხვისი პროპორციები და ფორმები არ გაიმეოროს.

© photo: courtesy of Caricature dollsირინე არაბულის ნამუშევარი
ირინე არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინე არაბულის ნამუშევარი

- რადგან პროფესიონალი მხატვარი ხართ, თოჯინებით არ დაიწყებდით, მანამდე გარკვეულ ეტაპებს გაივლიდით…

— ჯერ თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე. დღემდე შენახული მაქვს ფერწერაში ჩემი სადიპლომო, სიურეალისტური ნამუშევრები, ასევე 3D გამოსახულებით ერთი დიდი ნამუშევარი. მხატვრობით ჩემი დაინტერესება ოჯახიდან წამოვიდა — დედა, ნელი არაბული, მხატვარია. ის მოზაიკისგან ამზადებს 3D გამოსახულებიან ნამუშევრებს. მას ტელევიზიები ხშირად იწვევენ. ჩვენ სხავადასხვა განხრით ვართ დატვირთული და რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. თავიდანვე ვხატავდი, ვკერავდი კიდეც. რაც შეეხება მუზას, იგი დღემდე მუშაობის პერიოდში მოდის. ეს ჩემი თოჯინები იმდენად მოთხოვნადია, რომ დღე არ გავა, არ დამირეკონ და არ მთხოვონ. შეკვეთები მაქვს ნახატებზეც.

- თუ ვინმეს სიურპრიზად უნდა, ალბათ, ახლობლების ფოტოების მიხედვით გიწევთ ამ თოჯინების დამზადება, არა?

— ნამდვილად ასე, ფოტოებს მაწვდიან და ისე ვაკეთებ. მართალია, ფოტოთი ზუსტად ისეთი და იდენტური არ გამოდის, მაგრამ სასაცილო პერსონაჟები ნამდვილად იქმნება. მათ დიდი მოწონება აქვთ. თითქმის ყველა ნაკეთობა გაჩუქებული მაქვს, მაგრამ დროდადრო ისინი შემიძლია, რომ დავიბრუნო. ერთხელ ერთ-ერთი ტელევიზია სიუჟეტს ამზადებდა ჩემს შესახებ და ყველას, ვისაც ჩემი თოჯინა ჰქონდა, დავუკავშირდი: მათხოვეთ და დაგიბრუნებთ-თქო.

© photo: courtesy of Caricature dollsირინე არაბულის ნამუშევარი
ირინე არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინე არაბულის ნამუშევარი

- სერიულად თუ მოგიწიათ რომელიმე მათგანის დამზადება?

— ადრე შემომთავაზეს, რომ ცნობადი სახეების კარიკატურული პერსონაჟები გამეკეთებინა და ისინი მათ პროფილზე გადამეგზავნა, მაგრამ ასეთი რამ არ გამიკეთებია. არადა, მართლა საინტერესო იქნებოდა. სერიულად მომიწია გამეკეთებინა მაგალითად, ბუბა კიკაბიძისა და ფრუნზიკ მკრტიჩიანის პერსონაჟები კინოფილმიდან "მიმინო", რომლებიც საკმაოდ კარგად იყიდება. როცა ბატონი ჭოლა წულაძის თოჯინა გავაკეთე ისეთი კარგი გამოვიდა, რომ შეკვეთები მომცეს კიდევ დამემზადებინა, წარმოიდგინეთ, ყველა გაიყიდა.

© photo: courtesy of Caricature dollsირინე არაბულის ნამუშევარი
ირინე არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინე არაბულის ნამუშევარი

- ბატონ ჭოლაზე გამახსენდა, იუმორის გრძნობაც ხომ უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ვის თოჯინასაც ქმნით?

— ეს უდავოდ საჭიროა. იუმორი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან მიხვდეს ამ ხუმრობის სიკეთეს, შესაბამისად შეაფასოს და აუცილებლად გაიღიმოს…

- ზოგადად, კარიკატურა ყველა სახისგან არ იქმნება, შესაბამისად, ასეთი „გამონაკლისის სახის" მქონე ადამიანების თოჯინების შექმნასაც ვერ შეძლებთ, მსგავსი „პრობლემის" წინაშე თუ დამდგარხართ?

— სხვათაშორის, ძალიან ბევრს უარი ვუთხარი, რადგან ლამაზი და პროპორციული სახისგან კარიკატურის შექმნა რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საჭიროა ადამიანს ჰქონდეს რაიმე სახასიათო შტრიხი ან დეტალი, რაზეც თოჯინას ავაგებ, ლამაზი და კლასიკური სახისგან კარიკატურას ვერ გავაკეთებ. ერთხელ ვცადე და თოჯინას იმ ადამიანის იდენტური ვარცხნილობა, ხუჭუჭა თმა, ცისფერი თვალები და გრძელი წამწამები გავუკეთე, იგივე სამოსი ჩავაცვი, ანუ ზუსტად დავამსგავსე, მაგრამ ეს არ იყო იმ ადამიანის კარიკატურული ასლი.

© photo: courtesy of Caricature dollsირინე არაბულის ნამუშევარი
ირინე არაბულის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ირინე არაბულის ნამუშევარი

- თუმცა, როდესაც უხსნით ხოლმე ადამიანებს უარის მიზეზს, არა მგონია, ეს მათ წყენას იწვევდეს…

— საწყენი არც უნდა იყოს. ერთხელ, ერთმა ქალბატონმა შეკვეთა მომცა, მაგრამ როცა ვნახე, მივხვდი, რაიმე სახასიათოს ვერ ვიპოვიდი მის გარეგნობაში. ამიტომ პირდაპირ ვუთხარი, რომ მისგან კარიკატურულ სახეს ვერ შევქმნიდი. ეს ქალბატონი სწორედ იმ დროს გახდა დედა და იმდენად მოწადინებული იყო, ბოლოს, ასე ვთქვათ, შემაბა. სხვა რა გზა მქონდა?— ლამაზი თოჯინა რომ არ გამოსულიყო, სპეციალურად დავამახინჯე- ცოტა დიდი თავი და პატარა ტანი გავუკეთე, ხელში კი — ახალშობილი დავაჭერინე. ძალიან კმაყოფილი დარჩა, ისე მოეწონა, ვერ წარმოიდგენთ. სამწუხაროა, რომ ჩემი ნამუშევრები სახლში არ მაქვს და ისინი მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი. ახლა შემოთავაზება მაქვს, რომ „საქართველოს მხატვართა კავშირის" წევრი გავხდე და გამოფენებზე მივიღო მონაწილეობა. ამისთვის უკვე ვემზადები. მიხარია, რომ ჩემი მხიარული თოჯინების ნახვა ყველას კარგ ხასიათზე და განწყობაზე აყენებს…

ყველა ახალი ამბავი
0