საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ექვსმა კანდიდატმა განაცხადა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: მოსახლეობა მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯერ ვერ გარკვეულა

ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

„საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება ამა წლის 28 ოქტომბერს. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით და დადგენილება  მას გადაეგზავნება. შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი პროცედურები“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და საერთოდ, ეყოლება თუ არა მას კანდიდატი.

 

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს ამ ქვეყნის მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კანონით, პრეზიდენტს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობა „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, 10 ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარლამენტის ექს-სპიკერმა, „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

კანონის თანახმად, დღეიდან პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.

ყველა ახალი ამბავი
0