თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე შემოდგომაზე. ამას მოწმობს ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიური კვლევა.
კითხვაზე, გადაწყვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტების 74%-მა უარყოფითად უპასუხა. გამოკითხულთა 20%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 5%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნებზე წასვლას 59% აპირებს. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს 41%.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველთაგან 27%-მა იცის, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 68%-მა — არა.
გამოკითხვა კვლევის "საზოგადოების განწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა 23 ივნისი — 8 ივლისის პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა 2,9 ათასი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.