თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები" (Odessa // Batumi Photo Days) 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, უკრაინელი, ჰოლანდიელი, უნგრელი, გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი, ბერძენი, სომეხი, ავსტრიელი, რუსი და ესპანელი ფოტოგრაფები.
ფოტოდღეების მიზანი თვითგამოხატვის ახალი ფორმების მოძიებისთვის ერთგვარი ექსპერიმენტების ჩატარება და პროფესიული გამოცდილების გაზიარებაა.
ფესტივალში 40-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას, თითოეული მათგანისგან ერთ წინადადებას და ფოტოს შეარჩევენ. ორგანიზატორები კონკურსანტებს კომფორტული სამუშაო პირობებითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, გარდა ფოტოაპარატისა, რომელიც მონაწილეებს თან უნდა ჰქონდეთ.
რიგით მეოთხე ფესტივალის თემატიკას ორგანიზატორები აგვისტოში გაახმოვანებენ.
Odessa // Batumi Photo Days-ის ორგანიზატორებმა წელს განსაკუთრებული ყურადღება ფოტოხელოვნების კონცეპტუალურობას დაუთმეს.
პროექტი Odessa // Batumi Photo Days ორ ქვეყანაში — საქართველოსა და უკრაინაში, კერძოდ, ორ დაძმობილებულ ქალაქში ოდესასა და ბათუმში იმართება.
ფესტივალის პირველი ნაწილი ოდესაში 25-29 აპრილს ჩატარდა.