თუშეთში ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია მიენიჭა

© courtesy of Tusheti Protected Areasთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს, ასევე, ცხრა ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

სოფელი გირევი მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ადრე სოფლის მოსახლეობას შეადგენდა შემდეგი გვარები: აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე. ამჟამად სოფელში მოსახლეობა მუდმივად არ სახლობს. სოფელთან ახლოს მესაზღვრეების პუნქტია.

 „სოფელი კომპაქტურადაა განაშენიანებული, შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან. მათი ნაწილი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი გადაკეთებულია და თუნუქის სახურავით არის გადახურული. სოფლის დასავლეთით, დაახლოებით 1,5 კმ-ზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი",- ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, კოშკებიდან ყველაზე უკეთ ჩრდილოეთით მდგარი ხუთსართულიანი კოშკია შემორჩენილი. მის ოთხივე ფასადზე ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. შენობას საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს. კოშკი საყურადღებოა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით და მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი.

XVII საუკუნის ეკლესია სოფელ ბობნევში - Sputnik საქართველო
გორში XVII საუკუნის ეკლესიას ეროვნული კატეგორია მიენიჭა

რაც შეეხება დანარჩენ კოშკებს, ისინი ძალიან დაზიანებულია. ოთხივე საცხოვრებელ-სათავდაცვოა. მათ შორის შედარებით ნაკლები დანაკარგებით ხუთსართულიანი კოშკის მოპირდაპირედ მდგარი ციხე-სახლია შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანი ყოფილა (შემორჩენილია სამი სართული და მეოთხის დასაწყისი), ამჟამად მას სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე, მთელ სიმაღლეზე, მონგრეული აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.

ყველა ახალი ამბავი
0